შეთანხმება აფხაზეთისა და რუსეთის საბაჟო სამსახურებს შორის
აფხაზეთი და რუსეთი საბაჟო შემოწმების შედეგების ურთიერთაღიარებაზე შეთანხმდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ტვირთების გადაადგილებას დააჩქარებს.
შეთანხმების მომზადებას ოთხ წელზე მეტი დასჭირდა. შესაბამის პროტოკოლს რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა და აფხაზეთის საბაჟო კომიტეტმა 25 სექტემბერს მოაწერეს ხელი.
პროტოკოლი საბაჟო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთ-ერთმა მხარემ საქონელი ან სატრანსპორტო საშუალება უკვე შეამოწმა, მეორე მხარეს, გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეეძლება ამ შემოწმების შედეგები გამოიყენოს და განმეორებითი კონტროლი აღარ ჩაატაროს.
აფხაზეთის საბაჟო კომიტეტში განაცხადეს, რომ ახალი მექანიზმი საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროის შემცირებასა და გამშვები პუნქტების დატვირთვის შემსუბუქებას უნდა შეუწყოს ხელი.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურორტო და ციტრუსის სეზონებზე, როდესაც მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ ელექტრონული ურთიერთქმედების ახალი მექანიზმების გამოყენება აუცილებელი პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო დროს შეამცირებს და გამტარუნარიანობაზე დადებითად აისახება“, – განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ ხეციამ.
მანამდე ტვირთები ორმაგ საბაჟო შემოწმებას გადიოდა – ცალ-ცალკე აფხაზეთისა და რუსეთის საბაჟო სამსახურების მიერ. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ერთ-ერთი მხარე, ტვირთის მფლობელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს უნდობლად რომ უყურებდა, მას საქონლის სრულად გადმოტვირთვას აიძულებდა. ეს საზღვარზე „საცობებს“ ქმნიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტვირთის მფლობელები ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო რჩებოდნენ.
აფხაზი ჩინოვნიკების განცხადებით, საბაჟო კონტროლის შედეგების ურთიერთაღიარება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და არც ერთი მხარის სუვერენიტეტს არ ზღუდავს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას