ბაქო ქურმუხის ტაძარზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას "გაუგებარს“ უწოდებს
გაზიარება
გაზიარება
ქურმუხის ტაძარი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს ეხება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი მიდგომა იკვეთება.
საპატრიარქომ 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.
საპატრიარქოს შეფასებით, ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები კითხვებს აჩენს როგორც მათი მიზნების, ისე რეაბილიტაციის პროცესის შესახებ.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოების შესახებ აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.
ეკლესია მიიჩნევს, რომ პროცესში საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უნდა ჩაერთონ და დაადგინონ, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება ისინი და ვინ ახორციელებს მათ.
საპატრიარქო ასევე ითხოვს, რომ განხილვაში ჩაერთონ მისი წარმომადგენლები და ქართველი სპეციალისტები.
„მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.
„აზერბაიჯანი ყოველთვის სცემდა პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ორმხრივი პატივისცემის გამოვლენა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ბაქოს განცხადებით, რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „სომხური ეკლესიისთვის ცნობილი მიდგომების გაზიარება ან მისი გზით სიარული რეკომენდებული არ არის“.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია.