თავდაცვიდან პოლიტიკურ განაცხადამდე - როგორ შეიცვალა ღარიბაშვილის წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის წერილები
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მერვე წერილს აქვეყნებს, რომელიც წინა შვიდისგან მნშვნელოვნად განსხვავდება. ბოლო წერილში ღარიბაშვილი საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას მიმოიხილავს და საზოგადოებას თავს წარმატებულ პრემიერად აცნობს. ტექსტი პრაქტიკულად პოლიტიკური ანგარიშიცაა და ლიდერის განაცხადიც.
წერილში ყოფილი პრემიერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება 2021 წელს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა, სამი წლის შემდეგ კი ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში დატოვა.
წერილის ბოლოს ის საზოგადოებას ეკითხება, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ვითარება მისი გადადგომის შემდეგ. მართალია, მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ არ ასახელებს, მაგრამ ამ კითხვით აშკარად მის ხელისუფლებას უპირისპირდება.
„მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“
გახარიაზე
ღარიბაშვილი თხრობას 2021 წლის თებერვლიდან იწყებს, როდესაც გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის ამტკიცებს, რომ მაშინ საქართველო ერთდროულად რამდენიმე მძიმე გამოწვევის წინაშე იდგა: პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია, ვაქცინების დეფიციტი, ეკონომიკური ვარდნა, მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდა და ლარის გაუფასურება.
მისი შეფასებით, გიორგი გახარიამ სწორედ ასეთ ვითარებაში მიატოვა ქვეყანა და მმართველი გუნდი. გახარიასთან დაკავშირებულ შეფასებაში ღარიბაშვილის პოზიცია “ქართული ოცნების” ნარატივთან თანხვედრაშია:
„ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული, გუნდი – დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35-37%-მდე იყო დაცემული.“

ღარიბაშვილი საკუთარ დაბრუნებას ფაქტობრივად ხელისუფლების გადარჩენის ოპერაციად აღწერს. მისი თქმით, პრემიერად დანიშვნის შემდეგ შეძლო გუნდის გამყარება, ვითარების დასტაბილურება, ქვეყნისა და ეკონომიკის გახსნა, ვაქცინების შემოტანა და პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გაუქმება.
ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა იმ პოლიტიკაზე, რომელსაც თავად „კოვიდდიქტატურას“ უწოდებს, ხოლო მოსახლეობას ვაქცინაციის საკითხში სრული თავისუფლება მისცა.
„უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები.“
მისი ვერსიით, ამ ნაბიჯებმა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება უზრუნველყო. ღარიბაშვილი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს არა მხოლოდ 43-პროცენტიანი ნიშნულის გადალახვასა და ხმების 47 პროცენტის მიღებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ შესაძლო რევოლუციური სცენარის ჩაშლასაც.
„თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი.“
ეკონომიკური შედეგების დემონსტრირება
წერილის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეთმობა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მისი სამწლიანი პრემიერობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. მისი თქმით, 2021 და 2022 წლები ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდა, ხოლო საქართველო ზრდის ტემპით ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო.
ღარიბაშვილი საკუთარი მთავრობის მიღწევებს მიაწერს:
- საბიუჯეტო დეფიციტის 9 პროცენტიდან 2,8 პროცენტამდე შემცირებას;
- მთავრობის ვალის მშპ-ის 60 პროცენტიდან 38 პროცენტამდე ჩამოყვანას;
- ლარის კურსის 2,6-2,7-ის ფარგლებში დასტაბილურებას;
- ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შემცირებას;
- უმუშევრობისა და სიღარიბის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანას;
- ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას;
- პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას.
წამლების ფასების შემცირებას ყოფილი პრემიერი თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას უკავშირებს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „ომში ჩათრევის“ თემა
წერილში ღარიბაშვილი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საგარეო პოლიტიკას. ამ შემთხვევაშიც ის “ოცნების” მესიჯბოქსს იმეორებს. ის ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ძლიერი ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მისმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე აარიდა.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება.“
ღარიბაშვილი აქ იმეორებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ნარატივს, რომლის თანახმადაც, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე ემუქრებოდა.
ყოფილი პრემიერი ჩამოთვლის საკუთარ საგარეო ვიზიტებსა და დიპლომატიურ ინიციატივებს.
მათ შორის ასახელებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანას, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას, სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციას და თბილისში სამი ქვეყნის პრემიერების შეხვედრას.
თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ წარმატებად ღარიბაშვილი 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიიჩნევს.
„ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.“
წერილის მიხედვით, ეს შედეგები მიღწეული იყო გარე ძალებისადმი პოლიტიკური მორჩილების გარეშე.
რეიტინგი და თანამდებობის დატოვება
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობა მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში დატოვა. მისი თქმით, 2024 წლის იანვარში როგორც მისი მთავრობის მუშაობის მოწონების, ისე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 60 პროცენტს აღწევდა.
„მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის.“
ღარიბაშვილი საკუთარ პოლიტიკურ მიღწევად მხოლოდ ქვეყნის მართვის შედეგებს კი არ ასახელებს, არამედ ოპოზიციის განეიტრალებასაც. დემოკრატიულ წარმატებას ის მმართველი პარტიის დომინაციასა და ოპოზიციის პოლიტიკური სივრციდან განდევნას უკავშირებს.
წერილში არაფერია ნათქვამი, რატომ დატოვა ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა მაშინ, როდესაც, მისივე მტკიცებით, ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ეკონომიკა იზრდებოდა და ოპოზიცია პოლიტიკურად განადგურებული იყო.
თავდაცვიდან პოლიტიკურ განაცხადამდე – როგორ შეიცვალა ღარიბაშვილის წერილები
ღარიბაშვილის რვა წერილი ერთიან პოლიტიკურ სიუჟეტად იკითხება. პირველ ეტაპზე ის ცდილობდა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას. შემდეგ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის ორგანიზებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით ხელისუფლების მოქმედებებისა და სხვა საქმეების შესახებ დაიწყო კითხვების დასმა. მერვე წერილში კი უკვე საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრეობას იცავს და მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის მართვის შედეგებით უპირისპირდება. როგორც პოლიტიკური მიმოხილველები აღნიშნავენ, ბოლო წერილი მიანიშნებას იმაზე, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს.
პირველი ეტაპი – ივანიშვილისადმი ერთგულება და თავის დაცვა
პირველ წერილებში ღარიბაშვილი კონფლიქტის მთავარ წყაროდ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას ასახელებდა. ის ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავდა, ხელისუფლება კი მისგან ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას მაინც მოითხოვდა, რადგან მისი შესაძლო დაბრუნების „ერთპროცენტიანი რისკის“ ეშინოდა.
იგი ხაზგასმით ინარჩუნებდა ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებას, თუმცა ოჯახის საფრთხის შემთხვევაში პასუხისმგებლობას სწორედ ივანიშვილს აკისრებდა.
„მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“
ღარიბაშვილი თავდაცვით პოზიციაში იყო და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დაპირისპირება მისი არჩევანი არ ყოფილა და ხელისუფლებამ აიძულა პასუხი გაეცა.
მეორე ეტაპი – კონკრეტული პირების დადანაშაულება
შემდეგ წერილებში ღარიბაშვილის სამიზნეები უფრო მკაფიო გახდა. ისრები ივანიშვილს სულ უფრო დაშორდა და გადავიდა კობახიძე-მდინარაძეზე. მან ზეწოლის ორგანიზებაში მამუკა მდინარაძე დაადანაშაულა, მოგვიანებით ირაკლი კობახიძეც დაასახელა.
ამ კონსტრუქციით ის აშკარად ჯერ ისევ ტოვებდა ივანიშვილთან შერიგების შესაძლებლობას. ივანიშვილი მისთვის რჩებოდა ადამიანად, რომლისადმი „უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, უსაზღვრო მადლიერება და აბსოლუტური ერთგულება“ ჰქონდა. დამნაშავეებად კი მის გარშემო მოქმედი პირები სახელდებოდნენ.
მესამე ეტაპი – სისტემური ბრალდებები
მეხუთე და მეექვსე წერილებში კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა. ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე საჯაროდ დასვა კითხვები და ამ საკითხს კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს მომხდარი სხვა თვითმკვლელობებიც დაუკავშირა.
შემდეგ მან უკვე მთლიანად ხელისუფლება დაადანაშაულა სისტემურ პროპაგანდაში, გამოძიების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან უცხოეთის აგენტურასთან დაკავშირების მცდელობაში.
ღარიბაშვილი გასცდა საკუთარი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და ხელისუფლების მუშაობის მეთოდების შეფასება დაიწყო და საკუთარი თავი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინა.
მეოთხე ეტაპი – მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა
მეშვიდე წერილში ღარიბაშვილი უკვე ამტკიცებს, რომ მისი დაპატიმრების მიზანი პოლიტიკური მომავლის განადგურება იყო. მან ხელისუფლება უწყვეტი ქაოსის, კრიზისისა და საზოგადოების გაღარიბების განცდის შექმნაში დაადანაშაულა.
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პარალელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან:
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და ‘ნაციონალური მოძრაობის’ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…“
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური იდენტობა წლების განმავლობაში სწორედ სააკაშვილის მმართველობასთან დაპირისპირებაზე იდგა. ამიტომ მოქმედი ხელისუფლების იმავე მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულება მმართველი გუნდის ლეგიტიმაციის საფუძველზე პირდაპირი დარტყმაა.
მერვე წერილი კი, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პოლიტიკური შინაარსის ტექსტია და არა პატიმრის მორიგი თავდაცვითი განცხადება.
ღარიბაშვილი ოფიციალურად ჯერაც არ ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა, მისი წერილების ლოგიკა სწორედ პოლიტიკურ დაბრუნებამდე მიდის.