რა გავლენა ექნება სომხეთის არჩევნების შედეგებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე
სომხეთის არჩევნების გავლენა კავკასიაზე
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებს, მისი მნიშვნელობის გამო, ქვეყნის საგარეო კურსზე რეფერენდუმსაც უწოდებდნენ, რადგან წყდებოდა რას აირჩევდა ქვეყანა.
წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 49.8% მიიღო. ამით ფაშინიანმა პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. მთავარი ოპოზიციური ძალა, პრორუსულად მიჩნეული, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“, 23,29%-ით, მეორე ადგილზე გავიდა.
- “რუსეთის ‘გეგმა B’ განხორციელდა“: სომხეთში გამართული არჩევნების ანალიზი
- “რუსეთმა სომხეთშიც წააგო“ – როგორ აფასებენ საქართველოში ფაშინიანის გამარჯვებას
- სომხეთის არჩევნებში რუსეთის ФСБ-ს შესაძლო ჩარევის შესახებ ახალი ცნობები გამოქვეყნდა
ეს შედეგი აჩვენებს, რომ სომხეთში მცხოვრებთა უმრავლესობა იზიარებს პრემიერ ფაშინიანის საგარეო კურსს – რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოება და აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევის მცდელობა.
ეს არჩევნები არ ყოფილა მხოლოდ სომხეთის შიდა პოლიტიკური მოვლენა. ანალიტიკოსები მას განიხილავდნენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს სამხრეთ კავკასიის მომავლისთვის.
მშვიდობა, გეოპოლიტიკური ბალანსი და სატრანსპორტო დერეფნები – ეს არის სამი მთავარი საკითხი, რაზეც, ექსპერტების შეფასებით, გავლენა ექნება სომხეთის არჩევნების შედეგებს.
მათივე ანალიზით, არჩევნებმა დაადასტურა, რომ სომხეთი ირჩევს მშვიდობის პროცესის გაგრძელებას აზერბაიჯანთან. ასევე, დასავლეთთან დაახლოებას და რუსეთის გავლენის თანდათან შემცირებას, რაც მთლიანად ცვლის ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში.
რატომ იყო ეს არჩევნები მნიშვნელოვანი და რა გავლენა ექნება შედეგებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.
სამშვიდობო პროცესები და რეგიონის უსაფრთხოება
ექსპერტების შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს, რომ ერევანი გააგრძელებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების კურსს.
არჩევნებამდე მთავარი კითხვა იყო, შეინარჩუნებდა თუ არა ხელისუფლება მანდატს ამ პოლიტიკის გასაგრძელებლად. მისი გამარჯვებით შეთანხმების შანსები გაიზარდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანი განაგრძობს ურთიერთობის ნორმალიზებას რეგიონის ქვეყნებთან. პირველ რიგში, აზერბაიჯანთან. ასევე, გაგრძელდება თანამშრომლობა თურქეთთან. და, რაც მთავარია, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვან აქტორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირთან“, – ამბობს JAMnews-თან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მცირდება რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკი და იზრდება სტაბილურობის პერსპექტივა.
„სომხეთი, ამ არჩევნების შედეგად, შეძლებს მშვიდობიანი და სუვერენული პოლიტიკის უზრუნველყოფას რუსეთის ინტერესების გარეშე. რადგან, რუსეთის ინტერესი არასოდეს ყოფილა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა“, – ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია.
რუსეთის გეოპოლიტიკური მარცხი
ფაშინიანის გამარჯვებამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს მოსკოვზე ნაკლებ დამოკიდებულებას, – ამბობენ ექსპერტები.
ეს, ასევე, ნიშნავს, რომ პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შედარებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება.
„ეს არის რუსეთის გეოპოლიტიკური მარცხი ჩვენს რეგიონში. რუსეთის გავლენის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
თეონა აქუბარდიას შეფასებით, ეს, პირველ რიგში, კარგი მოცემულობაა საქართველოსთვის:
„რუსული ოკუპაცია და რუსეთის ინტერესები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. რუსეთის გავლენის დასუსტება მოცემულობა გახდა ყარაბაღის ომის და ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. და, გამყარდა სომხეთში არჩევნების შედეგად. ეს კი, საქართველოს ინტერესია“ .
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ რჩება სერიოზული გავლენის ბერკეტები სომხეთზე, მაგალითად, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით:
„ატომური ენერგია იქნება ეს თუ გაზის მიწოდება, რუსეთი მთავარი მიმწოდებელია სომხეთისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მას რჩება ბერკეტები. შეეცდება მათ გამოყენებას და სიტუაციის დეესკალაციას. არჩევნებიდან მალევე დააანონსა კიდეც შეზღუდვები თევზის პროდუქციაზე. ამიტომ, არ იქნება ასე მარტივად. არ შეეგუება რუსეთი ასწლეულებით მის მიერ მოპოვებული და განმტკიცებული გავლენის დაკარგვას. მაგრამ ,აქ დიდი მნიშვნელობა და როლი ენიჭება შტატების აქტიურ ჩართულობას რეგიონში“, – ამბობს იგი.
დასავლეთის გაზრდილი ინტერესები რეგიონში
ფაშინიანის კურსი ევროკავშირთან და შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. ამიტომ, ეს შედეგი ნიშნავს, რომ გაიზრდება დასავლეთის ინტერესი სამხრეთ კავკასიისადმი – მიიჩნევენ ექსპერტები.
საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე, JAMnews-თან ჩამოთვლის, რა გამოხატავს გაზრდილ ინტერესს:
„ერთის მხრივ, ტრამპის კორიდორი. სომხეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა. მათი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც, ალბათ, მალე გაფორმდება. და, მეორეს მხრივ, შტატების ეკონომიკური ინტერესი“.
მისივე შეფასებით, პარალელურად, შესამჩნევია ევროკავშირის გააქტიურებაც. ამის დადასტურება, მაგალითად, იგივე სომხეთთან მიმართებით, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტია.
ასევე, სომხეთთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები, მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც ევროკავშირში საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება:
„ეს ყველაფერი ერთად მიგვანიშნებს, რომ ინტერესები გაზრდილია ორივე მხრიდან. შესაბამისად, სომხეთის არჩევნების მნიშვნელობა ამ პრიზმიდან უნდა დავინახოთ“.
ექსპერტები საუბრობენ სატრანსპორტო დერეფნებზე, რომელთა ხელში ჩაგდების მცდელობა, ძალიან ჰქონდა რუსეთს. დასავლეთის დარჩენით რეგიონში, რუსეთი აქაც კარგავს კონტროლს.
“თუ ფაშინიანი დამარცხდებოდა და რუსები მოახერხებდნენ პრორუსული ხელისუფლების მოყვანას, ეს ამოცანა გაცილებით მარტივი გახდებოდა. საქართველო და სომხეთი მისი გავლენის ქვეშ იქნებოდა, აზერბაიჯანი, თურქეთის საშუალებით, რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ, მთლიანად მას შეეძლო, თეორიულად, ჩაეშალა, შუა კორიდორის იდეა”.
ევროინტეგრაციის შანსები
ექსპერტების შეფასებით, დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართაც გაიზრდება, რადგან ინტერესი, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მიმართ, არ გამქრალა.
„სინამდვილეში, საქართველო არ არის არც პრორუსული, არც პროჩინური და არც პროირანული ქვეყანა. მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ქცევის მომხრეა. ერთადერთი წინააღმდეგობა, ამ გზაზე, ივანიშვილის რეჟიმია. შესაბამისად, ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს ამას ევროკავშირიც და შტატებიც. როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, გაცილებით მარტივი იქნება კავკასიის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია“, – ამბობს გიორგი რუხაძე.
მისივე თქმით, ახლა, „ქართული ოცნების“ გამო საქართველო „ჩამორჩება ევროინტეგრაციის მატარებელს“. მაგრამ, რაც უფრო დიდ ტერიტორიაზე ექნება ინტერესი ევროკავშირს, (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, როგორც მთავარი ენერგო მიმწოდებელი), მით უფრო მოსალოდნელია ქვეყანას ინტეგრაციის ახალი შანსი გაუჩნდეს:
„თუ საქართველოსთან ერთად, რუსული გავლენები გაიზრდებოდა სომხეთშიც, შემდეგ, მარტო საქართველოს გამო, ევროკავშირის დაბრუნება კავკასიაში შეიძლება აღარ ყოფილიყო მნიშვნელოვანი. სომხეთთან ერთად უფრო იზრდება შანსები. რეგიონი არ უნდა გავიდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესებიდან“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეცვლის ქცევას “ქართული ოცნება”?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა. მან იქამდე დაურეკა სომეხ კოლეგას, ვიდრე არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედგები გამოცხადდებოდა.
გიორგი რუხაძის შეფასებით, ამ ნაბიჯში გეოპოლიტიკური ცვლილების ალღო არ უნდა ვეძებოთ:
“ეს უფრო ლოკალური საკითხია. ფაშინიანის ხელისუფლება პრობლემას არ ქმნის “ქართული ოცნებისთვის”. ფაშინიანი აღიარებს მათ ლეგიტიმაციას, ხვდება კობახიძეს. შესაბამისად, მიუხედავად სომხეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციისა, რომელიც რა თქმა უნდა არ სიამოვნებს, ამის მიღმა, დიდად უკმაყოფილო არ არის ფაშინიანის ქცევით. და ამავე დროს, თავს ზევით ძალა არ არის, ფაშინიანმა მოიგო ეს არჩევნები. ამიტომ, უნდა მიელოცა”.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ნამდვილი განწყობები პროპაგანდაში ჩანს. ამიტომ, პროსამთავრობო მედიების გზავნილებს უნდა დავაკვირდეთ:
“ეს იყო ტიპური რუსული პროპაგანდის გაგრძელება. თითქოს არჩევნები საშინელი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. იყო უპრეცედენტო ზეწოლა. თითქოს, აი, ფაშინიანმა ვერ აიღო 50%. იცის პროპაგანდამ რიცხვებით მანიპულირება. ფაშინიანმა აიღო დაახლოებით 61 მანდატი 105-დან. ეს ხომ არის 50%-ზე მეტი. მაგრამ, პროპაგანდას ურჩევნია ეს მონაცემი არ თქვას. დააკნინოს ფაშინიანის მიღწევა”.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გიორგი რუხაძე არ ელოდება, რომ “ქართული ოცნების” ქცევა შეიცვლება.
“მთავარი აქ სულ სხვა ამბავია. სომხეთის მაგალითი, ისევე როგორც მოლდოვის, უნგრეთის, ირანიის, სირიის თუ ვენესუელის, აჩვენებს, რომ რუსეთს აღარ შესწევს ძალა შეინარჩუნოს ან მოიყვანოს მისდამი დადებითად განწყობილი რეჟიმები მის სამეზობლოში და არამხოლოდ სამეზობლოში. ეს უნდა იყოს ინდიკატორი ჩვენთვის“, – ამბობს იგი.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობდა ჰქონოდა ბმა კრემლთან და შეექმნა ივანიშვილის უძლეველობის მითი.
“ბიძინა ივანიშვილს კი დაამარცხებ, მაგრამ, მის უკან მოსკოვია. ეს მითი ინგრევა ახლა. რადგან ივანიშვილის რეჟიმი ასოცირებულია რუსეთთან, ეს მას ასუსტებს ძალიან. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ივანიშვილი ჩვენი დასამარცხებელია და ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედიც ჩვენს ხელშია“, – დასძენს გიორგი რუხაძე.
სომხეთის არჩევნების გავლენა კავკასიაზე