"რუსეთმა სომხეთშიც წააგო“ — როგორ აფასებენ საქართველოში ფაშინიანის გამარჯვებას
როგორ აფასებენ საქართველოში ფაშინიანის გამარჯვებას
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ქართველი ანალიტიკოსები აფასებენ და მიუთითებენ, რომ ამ არჩევნების შედეგებით მოსკოვმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია დაკარგა რეგიონში. მათივე განმარტებით, სომეხმა ამომრჩეველმა უპირატესობა მიანიჭა ქვეყნის დასავლეთისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართულ კურსს. კომენტატორები არჩევნების შედეგს “რუსეთის მორიგ გეოპოლიტიკურ მარცხად“ აფასებენ.
წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო კონტრაქტმა” ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი “ძლიერი სომხეთი” მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი.
ხმების 9.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი “სომხეთი”, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტური პარტია “აყვავებული სომხეთი,” სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას ახერხებს, ხმათა 4%-ით.
წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ “სამოქალაქო კონტრაქტის” მანდატების რაოდენობა შესაძლოა, 71-დან 61-მდე შემცირდეს, თუმცა, მმართველი პარტია უმრავლესობას (მანდატების 57%-ს) მაინც შეინარჩუნებს, ოპოზიციური პარტიები კი ჯამში 44 მანდატს მიიღებენ.

თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი: “ამ თვეებში სომხეთზე უშუალო დაკვირვების შესაძლებლობა მქონდა, რამაც ამ ქვეყნისა და საზოგადოების უფრო მრავალმხრივად დანახვის საშუალება მომცა. გუშინ არჩევნების პროცესსაც ვაკვირდებოდი.
ეს არჩევნები სომხეთისთვის განსაკუთრებით მძიმე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში ჩატარდა.
ომმა, მისგან გამოწვეულმა მძიმე დანაკარგებმა და ტრავმამ, ფაშინიანის მიერ შემოთავაზებულმა ახალმა სამშვიდობო და განვითარების დღის წესრიგმა, ასევე სომხური იდენტობისა და ნაციონალიზმის გადაფასების მცდელობამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პოლარიზაცია და სოციალური შფოთი წარმოშვა.
ცხადია, რომ ამ ტრავმებს, ისევე როგორც გრძელვადიან უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ გარანტიებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, რუსეთი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ეფექტიანად იყენებდნენ ფაშინიანის წინააღმდეგ.
როგორ პასუხობდა ამ პროცესებს ფაშინიანი?!
ამ პროცესში ფაშინიანმა, ერთი მხრივ, მკაცრი ზომები მიიღო პრორუსული პოლიტიკური აქტორების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, კონფლიქტში შევიდა ეკლესიის წარმომადგენლებთან და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებთან. მისი განცხადებები არჩევნების შემდეგაც მიუთითებს, რომ ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ხისტი პოლიტიკის გაგრძელებას არ გამორიცხავს.
ამის პარალელურად მან აწარმოა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ცდილობდა ყველა მძიმე კითხვისთვის გულწრფელი პასუხები გაეცა. რუსეთის მხრიდან პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლის პირობებში იგი ცდილობდა კონფრონტაციისგან თავის არიდებას, პარალელურად კი ფართომასშტაბიან შეხვედრებს მართავდა რეგიონებში და უშუალო, კარდაკარ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ საარჩევნო სტრატეგიას იყენებდა.
მისი მხრიდან ოპონენტების მიმართ მკაცრმა მიდგომებმა სამოქალქო საზოგადოების ნაწილში გააჩინა შიში, რომ უსაფრთხოების გამოწვევებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე სომხეთში დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლისა და ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაციის რისკი არსებობს. ამიტომაც ერევანმა მას შედარებით უფრო სუსტად დაუჭირა მხარი (ჩაშლილი საარჩევნო მონაცემები ჯერ არ დადებულა). ამავდროულად, ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ პოლიტიკურად გაუცხოებული და აპათიურია, რაც პოლიტიკური მობილიზაციისთვის დამატებით გამოწვევას ქმნის.
ამ რთულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გარემოში გუშინდელი არჩევნების შემდეგ მიღებული შედეგი ფაშინიანისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევაა.
თუმცა სომხურ საზოგადოებას ჯერ კიდევ რთული ტრანსფორმაციული პროცესების გავლა მოუწევს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანმა ახლა შეძლოს, ერთი მხრივ, სომხეთის დაცვა რუსეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი პოლიტიკური გავლენებისა და მათგან მომდინარე რისკებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შეასრულოს დემოკრატიული გარდაქმნების შესახებ გაცემული დაპირებები და დაიბრუნოს სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების ნდობა.
არსებობს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა საკმარისი პოლიტიკური რესურსი ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო ცვლილებების შეუფერხებლად გასატარებლად, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი და რა პერსპექტივა ექნება კონსტიტუციური ცვლილებების საკითხს.
ამასთან შემდეგ წლებში ფაშინიანის ხელისუფლებისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ჯგუფებთან დიალოგის წარმოება როგორც სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის, ისე ქვეყნის ახალი იდენტობის/ნაციონალური პროექტის ფორმირების საკითხებზე.
მთიანი ყარაბაღის (არწახის) დაკარგვამ და ფაშინიანის მხრიდან ამ რეალობია პოლიტიკურმა და დისკურსულმა მიღებამ სომხური ნაციონალური ნარატივის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი გახადა სადავო. შესაბამისად, ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბება იმის შესახებ თუ ვინ არიან სომხები და როგორია ახალი ტიპის ნაციონალური პროექტი, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოიპოვებს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დიდწილად სწორედ ამ პროცესის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული როგორც სომხეთის პოლიტიკური სტაბილურობა, ისე 2018 წლის შემდეგ ფორმირებული დემოკრატიული პოლიტიკური პროექტის გრძელვადიანი მდგრადობა.
პ.ს. ჩემი აზრით, რატომ არის არარელევანტური ფაშინიანის და სააკაშვილის პარალელები და პოსტრევოლუციური რეალობა განსხვავებული საქართველოში და სომხეთში, შემდეგ დავწერ.”

ირაკლი მელაშვილი, ანალიტიკოსი: “სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის “სამოქალაქო ხელშეკრულებამ” ხმების 49.8 % მიიღო, სომხური წარმოშობის, რუსი ბიზნესმენის კარაპეტიანის “ძლიერმა სომხეთმა” – 23.3%, ყარაბახის და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, კოჩარიანის “სომხეთმა” – 9.9 % , სომეხი მილიარდერის, არმან ცარუკიანის „აყვავებულმა სომხეთმა“ კი – ზუსტად 4%.
ჯამში ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ შეიძლება მიიღოს 37.2%, თუკი „აყვავებული სომხეთი“ ეყოფა ხმები პარლამენტში მოსახვედრად. ბარიერგადაულახავი პარტიებმა ხმების 14% წაიღეს, რომელიც კანონის მიხედვით გადანაწილდება პარლამენტში შესულ პარტიებზე, რის შედეგადაც სომხეთის პარლამენტში “სამოქალაქო ხელშეკრულებას” 101 მანდატიდან 56-58 მანდატი ექნება. ეს სრულიად საკმარისია მთავრობის ერთპიროვნულად დასაკომპლექტებლად.
ახლა იწყება მზადება ბრძოლის მეორე რაუნდისთვის. ეს იქნება რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე. მისი ერთერთი უმთავრესი მიზანია, სამართლებრივად გაქრეს სომხეთის ნებისმიერი პრეტენზია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე. ამ გზით ფაშინიანი და მისი პარტია აპირებენ გააგრძელონ და დაასრულდონ სომხურ – აზარბაიჯანული და სომხურ – თურქული ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზების პროცესი.
მართალი, სომხეთის მოქმედ კონსტიტუციაში არც ყარაბახზე და არც თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე პირდაპირ არაფერი წერია, მაგრამ კონსტიტუციის პრეამბულა მიუთითებს 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც ეფუძნებოდა 1989 წლის გადაწყვეტილებას „სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების“ შესახებ. სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასევე ნახსენებია 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების მხარდაჭერა და არის ზოგადი ფორმულირებები „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ.
აზარბაიჯანი და თურქეთი სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულაში არსებულ ამ ჩანაწერს აღიქვამენ მინიშნებად სომხეთის მხრიდან მათი სახელწმიფოების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის არსებობაზე. ბოლო დროს, თავად ფაშინიანიც საკმაოდ კრიტიკულად საუბრობს 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე და მიანიშნებს, რომ მისი ზოგიერთი დებულება თანამედროვე სომხეთის სახელმწიფოსთვის პრობლემებად იქცა.
ფაშინიანი აპირებს ახალი კოსტიტუციის ტექსტის რეფერენდუმზე გატანას. მას სურს ერთხელ და საბოლოდ დახუროს ეს თემა, რომელიც ათწლეულებია სომხეთს ხელს უშლის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში. აქამდე სომხეთს თურქეთთან და აზარბაიჯანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და საზღვრებიც ჩაკეტილია.
ნუ ეს იქნება სომხეთის საკუთარი გავლენის სფეროში შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთისთვისაც. სომხეთის საზოგადოებაში თურქულ – აზარბაიჯანული საფრთხის, გენოციდის განმეორების შიშის, რუსეთის, როგორც ამ საშიშროებებიდან სომხების დაცვის ერთადერთი გარანტორად წარმოჩენის იდეების კულტივირება ათწეულები იყო რუსეთის ამ ქვეყანაში წარმოებული პოლიტიკის მთავარი ნარატივი. ბუნებრივია, თუკი სომხეთი მოახერხებს ურთიერთობების დალაგებას თურქეთთან და აზარბაიჯანთან, იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები “სომეხი ერის ფიზიკური განადგურებისგან დამცველის ” (ჩვენთანაც ხდებოდა ამის კულტივირება არა ისე მძაფრად როგორც სომხეთში, მაგრამ მაინც. არ გაგიგიათ, ჭკვინი სახეებით ნათქვამი, “რუსები რომ არა სპარსები და თურქები ამოგვწყეტდნენ ან გაგვათათრებდნენ”) მითი აქტუალობას დაკარგავს.
მოკლედ, შემდეგი ბრძოლა რეფერენდუმია. თუკი ამ არჩევნებზე ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო, იქ ფაშინიანის მოწინააღდეგეების კონსოლიდაცია ბევრად უფრო ადვილი იქნება. თან ამ შემთხვევაში ოპოზიციას ბევრად გაუადვილდება პატრიოტულ გრძნობებეზე თამაში, ვინაიდან ის ეცდება ექსპლუატაცია გაუწიოს ათწლეულობის განმავლობაში ნაშენები მტრის ხატის მიმართ ფაშიანიანის მთავრობის კაპიტულაციის და სომხეთის ეროვნული ინტერესების გაყიდვის საკითხებს.”

დავით ზურაბიშვლი, პოლიტიკური მიმომხილველი: “რუსეთის მარცხი სომხეთში არის მართლაც ისტორიული მასშტაბის მოვლენა.
იმ ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხდება, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომლის არსიც შეიძლება გამოიხატოს ერთი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ფრაზით, “რუსეთს რა გააკოტრებს? რუსეთთან თუ არ დალაგდი, დამთავრებული ხარ,” არის ელემენტარული ანაქრონიზმი და ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალების მცდელობა.
მე არ ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული ქართული ოპოზიციური სპექტრით და დიდწილად არ ვიზიარებ მათ დისკურს-ნარატივებს, მაგრამ ერთი რამ უტყუარად ვიცი: ისტორიის ჩარხთან ჭიდაობა შეუძლებელია იყოს წარმატებული და დღეს საქართველოს ხელისუფლება დგას ისტორიის ჩარხის ტრიალის საწინააღმდეგო, ანუ არასწორ მხარეს და ოპოზიცია სწორ მხარეს.
ბოლოს კი მაინც ჩარხი მოიგებს.”

ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დრექტორი: “ვულოცავ სომხეთს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი დასავლეთთან და განვითარებულ დემოკრატიულ სამყაროსთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. სომხეთი მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
ამ დროს, ბიძინა ივანიშვილმა თავად აუკრძალა საქართველოს ამ გზით სვლა და შეგვაჩერა იმ ისტორიულ პროცესში, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.
სომხეთში არჩევნების შემდეგ, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა დარჩა, რომლის ხელისუფლებაც დასავლეთის პარტნიორად აღარ აღიქმება. უფრო მეტიც, მმართველი ძალა ევროკავშირსა და აშშ-ს ხშირად მტრის როლში წარმოაჩენს.
ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. არჩევანი მარტივია: ან გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას და მის ევროატლანტიკურ მომავალს, ან გადავიქცევით რუსეთის კოლონიად, რომელიც ჩინეთის ვალებზე იქნება დამოკიდებული და სადაც ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დადგება.
სწორედ ასეთ მომავალს სთავაზობს საქართველოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი და პუტინის ოცნება საქართველოსთვის, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ უწოდებს.
ცხადია ეს არ არის რეალური საქართველოს ოცნება და ნატვრა. ეს არის საქართველოს მტრების ოცნება.
საქართველოს მოსახლეობის ოცნება და სურვილი არის თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს ემსახურება; სადაც მოხუცებს წნევის წამლების ყიდვა არ უჭირთ; სადაც ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დახმარების თხოვნა არ სჭირდებათ; სადაც ახალგაზრდებს მომავლის იმედი აქვთ; სადაც კვალიფიციურ ადამიანებს ღირსეული სამსახურის პოვნა შეუძლიათ; და სადაც საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია.
ეს არის საქართველოს მომავალი, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა. სომხეთის მოქალქეებმა შეძლეს და ჩვენც შევძლებთ.”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: “ფაშინიანის გამარჯვების და შესაბამისად სომხეთის განვითარების ვექტორის შეუქცევადად ევროპისკენ შებრუნების შემდეგ, კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება.
აქ აღარ რჩება სივრცე მანევრებისთვის, ტვინების გამორეცხვის პროპაგანდისტული ნარატივისთვის “დიფ-სტეიტზე”, “ომის თავიდან აცილებაზე”, “მეორე ფრონტზე” და სხვა ათასი პოლიტიკური მაიმუნობისთვის.
ახლა თქვენზეა – ჩაყვებით იმპერიას პოლიტიკურ საფლავში, რომელიც კრონშტატში საბოლოოდ გაითხარა, “ბრძნული” ე.წ. “უსაფრთხოების კონცეფციის” ფარგლებში, თუ მოისვრით ამ მავნებლურ დოქტრინას სანაგვეში, ქვეყნის თუ არა, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით მაინც.”