თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, თორნიკემ საქმიანობა კერძო უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიაში, უფროსი ლაბორანტის პოზიციაზე დაიწყო. თუმცა ცხოველების სიყვარულმა მისი პროფესიული გზა თბილისის ზოოპარკამდე მიიყვანა. ის მტაცებელ-პრიმატების განყოფილებაში მუშაობს და სულ 16 ვოლიერის პატრონობა უწევს.
2015 წლის 13 ივნისის მოვლენების შემდეგ თორნიკემ გადაწყვიტა, ზოოპარკის აღდგენაში თავისი წვლილი შეეტანა. „ერთ ღამეში ჩამოინგრა ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა. ამ ტრაგედიის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ზოოპარკში დამეწყო მუშაობა ” — გვიყვება თორნიკე.
ზოოპარკში მუშაობის მთავარი წინაპირობა კი ცხოველების სიყვარულია: „თუ ცხოველები არ გიყვარს, ზოოპარკში ვერ იმუშავებ და არც უნდა იმუშაო.”
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.