ირაკლი კობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
გაზიარება
გაზიარება
კობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და მისი მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა.
პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც გაიმართა ცალკე შეხვედრა, სადაც განხილვა უფრო ფართო სპექტრს მოიცავდა.
ანდრიი სიბიგას განცხადებით, საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებს, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და ევროკავშირის როლს გლობალურ პოლიტიკაში.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსაც. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებენ.
მანამდე “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს ფოტო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძეს ხელს ართმევს და დაწერეს, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის “შეხვედრა” გაიმართა.
სომხეთის დედაქალაქი დღეს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტს მასპინძლობს. 50-მდე პოლიტიკური და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი ერევანშია შეკრებილი. სამიტის დევიზია “მომავლის შენება: ერთიანობა და მდგრადობა ევროპაში“.