ვინ ესროლა ტრამპს? "ქართული ოცნების" ვერსია: "გლობალური ომის პარტია" , "ლიბერალური ფაშისტები", თინეიჯერები
“ქართული ოცნება” ტრამპზე თავდასხმაზე
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან “გლობალური ომის პარტია” დგას.
ამ ვერსიაზე საუბრობენ როგორც პრემერ-მინისტრი, ასევე დეპუტატები, რაც იმის მანიშნებელია, რომ “გლობალური ომის პარტიასთან” მომხდარის დაკავშირება მმართველი გუნდის შეთანხმებული მესიჯია.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.
კობახიძის ორი განცხადება
პრემიერმა კობახიძემ პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში ორი განსხვავებული განცხადება გაავრცელა.
ფეისბუკზე, რომელსაც სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით უფრო აქტიურად იყენებს ქართული აუდიტორია, ქართულ ენაზე დაწერილ განცხადებაში კობახიძემ მომხდარში “ლიბერალები” და “ომის პარტია” დაადანაშაულა:
“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს” – წერს კობახიძე ფეისბუკზე.
განსხვავებული შინაარსისაა მისი პოსტი, რომელიც მან X-ზე გააზიარა ინგლისურ ენაზე და რომლის ადრესატიც საერთაშორისო საზოგადოებაა. ამ პოსტში კობახიძე “გლობალური ომის პარტიას” არ ახსენებს:
“ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!”
“გლობალური ომის პარტიის” კვალი დაინახა მომხდარში დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც.
“პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…” – წერს მდინარაძე ფეისბუკზე.
“ტრამპი საუბრობს კაცის კაცად შენარჩუნებასა და ქალის – ქალად”
იგივე ვერსიას იმეორებენ “ოცნების” სატელიტი პრორუსული პარტიები.
სლოვაკეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ტრამპის მკვლელობის მცდელობა არის საბოლოო დასტური, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებებს კი არ ებრძვის, კლავს”, – ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონის ინიციატორის, პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „მშვიდობას ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია““.
„ტრამპი გამოდის მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში, ასევე საუბრობს კაცის კაცად შენარჩუნებასა და ქალის – ქალად. მშვიდობას ესროლა ომმა, ტრადიციას – ლგბტ პროპაგანდამ. როცა კითხულობენ, სად არის „გლობალური ომის პარტია“, ტრამპის მკვლელობის მცდელობა იხილონ. მშვიდობას სწორედ ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია“ – ევროპიდან უკვე ამერიკაში გადასწვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს. უცხოური ძალები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მშვიდობას ებრძვიან და ომის მომხრეები არიან. ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერისა და ახლა უკვე ტრამპის მკვლელობის მცდელობები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თინეიჯერები – პარლამენტის თავმჯდომარის ვერსია
კიდევ უფრო შორს წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა თინეიჯერებზე მორიგი თავდასხმისთვის გამოიყენა: შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყოო, თქვა მან, და ამ კონტექსტში ახსენა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები.
პაპუაშვილის შეფასებით, გარკვეული ძალები “ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას“.
“ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოში არიან ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც ახალგაზრდებს ძალადობისკენ უბიძგებენ. ამის მაგალითად შალვა პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, “პარლამენტის წევრების მიმართ დაწყებული ძალადობრივი კამპანია” მოიყვანა:
გულისწყვეტაა, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ თუ ენჯეო სექტორშიც, არიან ასეთი ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა ისე გაწირონ, რომ თვალი არ დაახამხამონ… მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა – ფიცოს ვიღაც პენსიონერმა ესროლა, ტრამპს ვიღაც თინეიჯერმა ესროლა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ხელწერაა.
პარლამენტის თავმჯდომარემაც ახსენა თავის სიტყვაში “ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც, მისი თქმით, “საქართველოში ინერგება ზოგიერთ ჯგუფების მეშვეობით, უცხოეთის დაფინანსებით”.
პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეაქციას ტრამპზე თავდასხმაზე “ფარისევლური” უწოდა.
“ზუსტად ასე შეაჩეჩეს ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი სიკვდილს შემთხვევითი გადაურჩა და ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა, ახლა ფარისევლურად რომ წუხს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა პოლიციელს და სიკვდილისთვის სწირავდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების წინაადმეგ წლევანდელი და შარშანდელი საპროტესტო გამოსვლების მთავარი ძალა საქართველოში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იყვნენ. ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით ხშირად თავს ესმოდნენ gen Z თაობას და მათ დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
პროსახელისუფლებო პროპაგანდა
ტრამპზე თავდასხმა “ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა აქტიურად გამოიყენეს ასევე თავიანთი უკვე კარგად ცნობილი მესიჯების გასავრცელებლად – მათ შეახსენეს აუდიტორიას, რა არასტაბილური პროცესებია მთელ მსოფლიოში და ამ ფონზე როგორ წარმატებით ახერხებს “ქართული ოცნება” საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას. ტრამპზე თავდასხმის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის ფაქტიც გაიხსენეს – სლოვაკეთში მომხდარი პრემიერმა კობახიძემ თავის დროზე ასევე დაუკავშირა “გლობალური ომის პარტიას”.
nproject