საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.
“არ დაველოდე არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს, ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული, ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვიტყოდი.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში.
ლაზარე გრიგორიადისი დედის, თამთა კალანდაძის თქმით, მას გულით სჯეროდა, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამდა:
“სულ მჯეროდა, რომ ჩამოვედი ნოემბერში, იქიდან მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს. ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა ლაზარეს მიმართ, ყველას დასანახად ისჯებოდა. დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით, ძალიან უსიამოვნო იყო ეს პროცესი. გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა. მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, ყველა იმ ადმაიანს, რომელიც გვერდში მედგა ამდენი ხნის განმავლობაში.”
● ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს
● “ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის ევროპული, არ არის ამერიკული” – ევროკავშირის ელჩი
● აშშ-ის ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა – კარგია თუ არა
ლაზარე გრიგორიადისის საქმე
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის მარტში დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე გამოაცხადა.
31 მარტს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაშია. გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც ამ დრომდე დაკავებული იყო.
2023 წლის 7-9 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი მიტინგები მიმდინარეობდა ე.წ. “აგენტების რუსული კანონის” წინააღმდეგ.
გამოძიება გრიგორიადისს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადებას ედავება – მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდების ვერსიით, 9 მარტს გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობაში 22 წელი შეუსრულდა.
გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. თუმცა, ამავე დროს, მათ იმედი აქვთ, რომ ლაზარე გრიგორადისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებდა.