„ახალმა ოპოზიციამ“ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი წარადგინა
აფხაზეთში პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს „მესამე ძალას“ უწოდებს (განსხვავებით ხელისუფლებისა და „ტრადიციული“ ოპოზიციისგან), განაცხადა, რომ 2019 წლის ივლისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატურა იქნება დეპუტატი ალმას ჯოპუა. ის ბოლო პერიოდში ცნობილია იმით, რომ აქტიურად გამოდის აფხაზეთში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ.
• არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება
• აფხაზეთის პოლიტიკურ ველზე „მესამე ძალის“ გამოჩენა გადაიდო
ალმას ჯოპუას წამოყენების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობა „საერთო საქმის“ დახურულ სხდომაზე მიიღეს. ეს ჯგუფი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს როგორც ხელისუფლების, ისე მოქმედი ოპოზიციის ალტერნატივის სახით.
ხმის მიცემის პროცესი ჩვეულებრივად მიღებული სქემით არ წარიმართა. იმდენად, რამდენადაც თავიდან არავის სახელი დასახელებული არ იყო. საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები უბრალოდ კანდიდატურებს სთავაზობდნენ შეკრებილებს, რომლებიც, მათი აზრით, შეძლებენ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას.
შედეგად, დიდი უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატად დეპუტატ ალმას ჯოპუას წამოყენების შესახებ.
„საერთო საქმე“ ერთ წელიწადზე ნაკლები ხნის წინ დარეგისტრირდა, მაგრამ მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. ამ ორგანიზაციის შემქმნელთა შორის არიან – ცნობილი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, ასევე, რამდენიმე მოქმედი და ყოფილი დეპუტატი.
•აფხაზეთში ისტორიის სახელმძღვანელო სასამართლოს წინაშეა
ნავთობის მოპოვებისა და უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის წინააღმდეგ
ალმას ჯოპუა რამდენიმე პოლიტიკური პროექტითაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილი, ალბათ, სამია:
• ჯოპუა თანმიმდევრულად გამოდის აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ და, თავის დროზე, შესაბამის სპეციალურ საპარლამენტო კომისიასაც ხელმძღვანელობდა. საუბარია რუსულ კომპანია „როსნეფტსა“ და აფხაზურ „აპსნი-ოილს“ შორის გაფორმებულ კონტრაქტზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობთან დაკავშირებით დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებას შეეხება.
• მაშინ ჯოპუამ მოახდინა ინიცირება პროკურატურის მიერ აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის შემოწმების, რომელიც ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული პროექტების ლობირებაში დაადანაშაულა.
• აფხაზეთში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, ალმას ჯოპუა ცნობილია იმითაც, რომ ის ითხოვს მორატორიუმის გამოცხადებას უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე.
• რამდენიმე წლის წინ ჯოპუა სათავეში ჩაუდგა იმედისმომცემ ახალ პარტიას, „აინარის“, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურ აფხაზურ პოლიტიკურ ორგანიზაციად მიიჩნევენ აფხაზეთში. თუმცა, „საერთო საქმის“ შექმნის შემდეგ, ამ პარტიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა და ახალი ორგანიზაციის რიგები შეავსო.
ალმას ჯოპუა უკვე მეორე პოლიტიკოსია, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 21 ივლისს დანიშნულ აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში. მანამდე ამის სურვილი გამოთქვა აფხაზური სპეცსამსახურების ყოფილმა უფროსმა, ასტამურ ტარბამ, რომელიც პოლიტიკას 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.