მთავარი კითხვა - რა ელის ეკოლოგიას" />

არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება

მთავარი კითხვა - რა ელის ეკოლოგიას

აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ პერსპექტივას, რომ შესაძლოა, მის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოები არსებობდეს.

ეს ახალი თემა არ არის. სავარაუდოდ, აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1980-იან წლებში, შეიქმნა. მაშინ შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე 22 ჭაბურღულიც კი გათხარეს.

ახლა ამ თემას აფხაზეთის ხელისუფლება დაუბრუნდა. მიღებულია გადაწყვეტილება, კომპანიებისათვის, „როსნეფტისა“ და „აბხაზ-ოილისთვის“, დაზვერვითი და ნახშირწყალბადის მოპოვებითი სამუშაოებისთვის ლიცენზიის გაგრძელების თაობაზე.

თაღლითობაა თუ არა რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთისთვის გამოყოფილი რუსული კრედიტი?

დამთავრდება თუ არა “აზერბაიჯანული ნავთობი”?

• მოსაზრება: რატომ აღარ უმართლებს ვლადიმირ პუტინს?

ისინი, ვინც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, ამბობენ, რომ ნავთობი აფხაზეთს მეტ დამოუკიდებლობას შესძენს.

თუმცა, მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ამას აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნავთობის მოპოვება ეკოლოგიისთვის ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და შესაძლოა, ის საერთოდ დაღუპოს. 31 იანვარს საზოგადოებას მიტინგის გამართვისკენაც კი მოუწოდეს. სოციალურ ქსელებში თავისუფლების მოედანზე შეკრების მოწოდებაც გავრცელდა, რათა აფხაზეთის ეკოლოგია დაეცვათ.

თუმცა, მიტინგზე საბოლოოდ არავინ მივიდა – მათ შორის არც ისინი, ვინც საზოგადოებას ამისკენ მოუწოდებდა.

ყველაფერზე თანმიმდევრობით გიყვებით:

სოხუმი, აფხაზეთი. ფოტო: იური პოპკოვი

წინაისტორია

პეტრე კაზანბა 81 წლისაა. პენსიონერია და სოხუმში ცხოვრობს. 1980-იან წლებში იყო საბჭოთა გეოგრაფიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. კაზანბა – ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც რეალურ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ 1980-იან წლებში ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოკუმში ნავთობი აღმოაჩინეს და რომ ის კარგი ხარისხისა იყო.

„ნავთობის არსებობის ნიშნები 2900 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. იქ ჭაბურღილის გათხრები დაიწყეს. მაგრამ, 1992 წელს აფხაზეთის ომი დაიწყო და სამუშაოები შეწყდა“, – განუცხადა პეტრე კაზანბამ JAMnews-ს.

მისი ვარაუდით, იქ დღე-ღამეში 10-დან 15 ტონამდე ნავთობის მოპოვება შეიძლებოდა. და დასძენს:

„ეს ის რაოდენობა არ არის, რის გამოც გარემოს საფრთხეში ჩაგდება ღირს“.

საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში ნავთობის დაზვერვითი სამუშაოების შედეგების სხვა წყაროების დასახელება, გარდა პეტრე კაზანბას სიტყვებისა, რთულია. 2010 წელს აფხაზეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის სანაპიროსთან 22 ჭაბურღილი გაითხარა და რომ ქალაქ გუდაუთასთან ზღვის ღრმულებში მაღალი ხარისხის ნავთობის დიდი მარაგია თავმოყრილი.

მაგრამ, ბაღაფშმა თავისი ინფორმაციის წყაროდ მოიშველია ზოგადი ფრაზა – „საბჭოთა გეოლოგიური დაზვერვის მონაცემებით“. თვითონ ეს მონაცემები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

მოვლენების ახალი განვითარება

2010 წელს, რუსულ კომპანია „როსნეფტსა“ და აფხაზურ კომპანია „აბხაზტოპს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია „რნ-აბხაზიას“ შექმნის შესახებ, რომელშიც 51% „როსნეფტს“ ეკუთვნის, 49% – აფხაზეთის ხელისუფლებას.

2013 წელს ხელი მოეწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ამ ერთობლივ კომპანიას შავი ზღვის გუდაუთის შელფში, 45 წლის ვადით, ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის დაზვერვისა და მოპოვების უფლება მიეცა.

„რნ აბხაზიას“ უნდა დაეზვერა და შეეფასებინა იქ ნავთობის პოტენციური ადგილმდებარეობა.

სამუშაოები დაიწყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ აფხაზეთის პარლამენტი ანერვიულდა.

2015 წელს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ურჩია, შეეჩერებინა ლიცენზია და შეექმნა კომისია, რომელიც ახლიდან შეაფასებდა ნავთობის მოპოვების ეკონომიკურ სარგებელსა და ეკოლოგიურ რისკებს.

„როსნეფტმა“ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთს ჩადებული თანხის კომპენსაცია მოუწევდა.

„როსნეფტის“ განცხადებაში საგანგებოდ აღინიშნა, რომ აფხაზეთში ნავთობის დაზვერვისა და მოპოვების პოტენციური პროექტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს 2013 წელს, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში.

კომისია შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ საკითხი ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. სამუშაოები, სავარაუდოდ, შეჩერდა.

გავიდა 4 წელი და 2019 წლის იანვარში აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა „რნ-აბხაზიისთვის“ ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო – „ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევების, დაზვერვისა და ნახშირწყალბადის მოპოვების შესახებ“.

მინისტრთა კაბინეტი თავის გადაწყვეტილებას ასე განმარტავს:

• ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობას კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები იძლევა (რუსეთთან);

• „რნ-აბხაზიას“ ეს შეთანხმებები არანაირად არ დაურღვევია.

• მეხუთე მოწვევის პარლამენტს, რომელსაც კომპანია „როსნეფტის“ საქმიანობის შეჩერების ინიციატივა ეკუთვნოდა, უფლებამოსილება შეუწყდა.

ნავთობის წინააღმდეგ მიტინგი და რეფერენდუმი არ შედგა

ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში ხმაურიანი დისკუსია გამოიწვია. ამას მოჰყვა საზოგადოების მოწოდება ნავთობის მოპოვების საწინააღმდეგო მიტინგის გამართვის შესახებ.

ბევრი ამ თემაზე რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნითაც გამოდიოდა.

რეფერენდუმის ინიციატორებმა 28-კაციანი საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც განცხადება ოფიციალურად დაარეგისტრირა.

საკითხი, რომლის თაობაზეც რეფერენდუმის გამართვას გეგმავდნენ, ასე ჟღერდა:

„ხართ თუ არა თანახმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების საკითხზე 20-წლიანი მორატორიუმის (აკრძალვის) გამოცხადებაზე?“

ინიციატორებმა ჩაწერეს ვიდეო და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სამოქალაქო აქტივისტი ილია შადანია საინიციატივო ჯგუფის სახელით მიმართავს ხელისუფლებას მოთხოვნით, ეს გადაწყვეტილება ჯერ საზოგადოებას შეუთანხმონ და მხოლოდ ამის შემდეგ გასცენ ლიცენზია დაზვერვასა თუ მოპოვებაზე.

მაგრამ 2 დღის შემდეგ ინიციატორებმა თავიანთი განცხადება უკან გაიწვიეს. მიზეზი ჯერ არანაირად არ განუმარტავთ.

კიდევ უფრო უცნაურია სიტუაცია თავისუფლების მოედანზე მიტინგის გამართვის მოწოდებასთან დაკავშირებით. ეს მოწოდებები Facebook-ზე ანონიმურმა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს. ამის მიუხედავად, მათ ბევრმა დაუჭირა მხარი და კომენტარებში დაწერა, რომ აქციაზე აუცილებლად მივიდოდა.

თუმცა, 31 იანვარს, 13:00 საათზე, მინისტრთა კაბინეტის წინ, მოედანზე მხოლოდ მილიციის თანამშრომლები და ორი ჟურნალისტი აღმოჩნდნენ.

ახლა სოციალურ ქსელებში აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მიტინგი არ გაიმართა. აქვე ზოგიერთ კომენტარს შემოგთავაზებთ:

„განა ხალხს ფეისბუკით აგროვებენ? ძალიან საწყენი იყო. ეს ხალხის არასერიოზულობაზე მეტყველებს“.

„ბევრი, ვინც კომენტარებს წერდა და ხალხს მოსვლისკენ მოუწოდებდა, სულაც არ ყოფილა ანონიმი. როგორც ყოველთვის, სახლში სხედან და იქიდან აქტიურობენ. მხოლოდ ყოყლოჩინობა შეუძლიათ“.

„ასეთი ტიპის ღონისძიებისთვის, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ხალხი ფეისბუკზე არ უნდა წერდეს, „ხვალ მოდითო“. ამას სჭირდება ინიციატივიანი ადამიანები, რომლებიც ხალხს არა მარტო ინტერნეტით დაეკონტაქტებიან, არამედ, პირადადაც შეხვდებიან“.

„ამ სფეროში სასწაული არ მოხდება“

ნავთობმოპოვების მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკოლოგიური უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, ამბობს საზოგადო მოღვაწე ალექს ალხას ტხაგუშევი.

„პატარა აფხაზეთის კურორტების ნავთობის კოშკურებთან დაკავშირება – ძალიან სახიფათოა. დიდ ქვეყნებს ნავთობის დაღვრის შემთხვევაში შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, თავიანთი ტერიტორიის ნაწილი დააკონსერვონ. ჩვენ რას ვიზამთ, რამე რომ მოხდეს?

ამ კითხვაზე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, შევისწავლოთ სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილოთ შესაძლო მოპოვების საკითხი“, – განაცხადა მან მედიაკლუბ Apsny Today-სთან ინტერვიუში.

ალხას ტხაგუშევი ასევე ამბობს, რომ ის ნავთობის მოპოვების წინააღმდეგია „მათ შორის, სახელმწიფო აპარატის არაეფექტური მუშაობის გამო“.

„ჩვენ ბევრ სფეროში სისტემური კრიზისი გვაქვს. ახლა ჩვენთვის ახალი სფეროს განხილვას ვიწყებთ – და რატომღაც ვთვლით, რომ აი, აქ მოხდება რაღაც სასწაული. და რომ აქ აღარ გვექნება კორუფცია, აღარ გვექნება არაეფექტური მმართველობა და შესანიშნავ შედეგებს მივაღწევთ“, – ამბობს ტხაგუშევი.

მისი აზრით, მხოლოდ ერთი სცენარი არსებობს, როდესაც აფხაზეთს ნავთობის მოპოვების დაწყება უღირს – ეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სავარაუდო ნავთობის საბადოების დამუშავებას დაიწყებს.

„მაგრამ ეს – უკიდურესი შემთხვევაა“, – აცხადებს ალხას ტხაგუშევი.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

None found

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ