ერევანში ნაგვის გატანა სანიტარული პრობლემიდან პოლიტიკურში გადაიზარდა
ერევანში ნაგვის გატანასთან დაკავშირებით სიტუაცია ისევ გამწვავდა. კომპანია „სანიტეკი“, რომელიც დედაქალაქში ნაგვის შეგროვებასა და გატანაზეა პასუხისმგებელი, თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. საქმე პრემიერ-მინისტრამდე მივიდა. მან შესთავაზა, რომ კომპანია „სანიტეკი“ არ დააჯარიმონ, რათა ის სიტუაციას ზედმეტი ხარჯის გარეშე გაუმკლავდეს. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – ერევანში ნაგვის გამტანი მეორე ოპერატორი უნდა გაჩნდეს.
ჯერჯერობით კი ქალაქის მთავრობა ნაგვის გამტანი ახალი მანქანების შესყიდვას აპირებს. ოპოზიცია კი მერიის მიერ ამ მანქანების შესაძენად გამართული ტენდერის ორგანიზებით უკმაყოფილოა.
• კომპანია, რომელიც ერევანში ნაგვის გატანაზეა პასუხისმგებელი, დიდი თანხით დაჯარიმდა
• ფოტოისტორია სომხეთის სამრეწველო ქალაქის, კიროვაკანი-ვანაძორის ნანგრევების შესახებ
ერევნელების ჩივილი
ერევანში ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სკანდალური სიტუაცია, უკვე პირველი თვე არ არის, რაც გრძელდება. დედაქალაქის მცხოვრებლები მერიას ადანაშაულებენ, ქალაქის ხელისუფლება კი ამის მიზეზად ერევანში ნაგვის შეგროვებასა და გატანაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ოპერატორის, კომპანია „სანიტეკის“ ცუდ მუშაობას ასახელებს.
კომპანია უკვე არაერთხელ დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. „სანიტეკის“ ჯარიმები მთლიანობაში 50 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, სიტუაცია არანაირად არ შეცვლილა.
კომპანია „სანიტეკის“ მუშაობის კოორდინაციაზე ერევნის მერიის პასუხისმგებელი პირის თქმით, ისინი ერევნის მაცხოვრებლებისგან ყოველდღიურად იღებენ ფოტოებს, რომლებზეც ნაგვის ყუთებთან დაგროვილი ნაგვის გროვებია ასახული. არიუთიუნ ხაჩატრიანმა განაცხადა:
„პრობლემა ისაა, რომ ხელშეკრულებით გამყარებული ვალდებულების თანახმად, ნაგვის ყუთები 80 პროცენტზე მეტად არ უნდა იყოს გადავსებული. მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს 80 პროცენტი არ არის, ბევრად მეტია, და აქ აშკარაა, რომ ნაგვის გატანა რამდენიმე დღის განმავლობაში არ მომხდარა“.
კომპანიასთან დადებული შეთანხმების თანახმად, „სანიტეკი“ ვალდებულია, სწრაფი რეაგირება მოახდინოს და პრობლემა გადაჭრას. თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, ეს კომპანია თავის ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებს. „სანიტეკს“ საამისოდ ნაგვის შემგროვებელი მანქანები არ ჰყოფნის.
როგორ ცდილობს მერია პრობლემის მოგვარებას
ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სიტუაციის როგორღაც გამოსასწორებლად სომხეთის მთავრობამ მერიას დამატებით 15 მანქანის შეძენის ნება დართო.
ამ შესყიდვისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთლიანობაში 900 მილიონი დრამი (1,8 მილიონი დოლარი) გამოიყოფა.
ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა18 აპრილს იმ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ერევნის მერი აიკ მარუტიანიც ესწრებოდა.
მისი ნაამბობით, მერის თანამდებობაზე მისი მუშაობის პირველ თვეებში კომპანიასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მას ქვეკონტრაქტორები უნდა დაექირავებინა, რათა ვალდებულება წარმატებით შეესრულებინა.
თუმცა, ამან პრობლემა მხოლოდ დროებით მოაგვარა. სიტუაციის გაუარესების გარდაუვალობის გათვალისწინებით, მერიამ ნაგვის გამტანი მანქანების ერთი პირისგან შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
რით არის უკმაყოფილო ოპოზიცია
ოპოზიციას სწორედ დამატებითი მანქანების შეძენის გადაწყვეტილება არ მოუვიდა თვალში.
უხუცესთა საბჭოს, ანუ ქალაქის ხელისუფლების ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს, რომ მერმა და მისმა გუნდმა სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე შეგნებულად მიიყვანეს. კერძოდ, ოპოზიციური ფრაქცია „ლუის“-ის წარმომადგენელი დავიდ ხაჯაკიანი მიიჩნევს, რომ მერიის ხელმძღვანელობის მიზანს კონკრეტული პირისგან მანქანების შეძენა წარმოადგენდა. და ის აქ კორუფციულ რისკებს ხედავს:
„მე მთავრობას არ მოვუწოდებ, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან სიტუაცია მართლაც საშინელია. მაგრამ, იმ ჩინოვნიკებმა, რომლებმაც სიტუაცია აქამდე მიიყვანეს, და გარიგებაში შევიდნენ, კანონის მიხედვით უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა დავიდ ხაჯაკიანმა.
ხაჯაკიანის თქმით, ნაგვის შემგროვებელი მანქანების კონკურსში მითითებული იყო პარამეტრები, რომლებსაც მხოლოდ „კამაზის“ ტიპის ავტომობილები შეესაბამებოდა. შედეგად, სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს.
„კონკურსი სათანადო წესით რომ ჩატარებულიყო, ათობით, თუ ასობით არა, მილიონი დრამის ეკონომია იყო შესაძლებელი“, – მიაჩნია ხაჯაკიანს.
კომპანია „სანიტეკის“ შესახებ
„სანიტეკი“ – ნარჩენების მართვის ლიბანური საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალია. ეს კომპანია 2010 წელს შეიქმნა, ის სომხეთში 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობს.
ის ერევნის ყოფილი მერის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გახდა. კომპანიის პირველადმა შენატანმა, როდესაც ის ვალდებულების შესრულებას შეუდგა, 10 მილიონი ევრო შეადგინა.
რა კომენტარს აკეთებენ ამ სიტუაციაზე კომპანია „სანიტეკში“
კომპანია „სანიტეკი“ გამოვიდა განცხადებით, რომელშიც მერია არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა:
„ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ კორექტულობის ნორმები დაიცვან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია, და არა ცალმხრივი და ერევნის მერიის სასარგებლოდ გავრცელებული ცნობები. ეს კომპანია, როგორც სომხეთის უცხოელი ინვესტორი, ყოველთვის უფრო კეთილსაიმედო რეჟიმით, ასევე სამართლიანი დაცვით უნდა უზრუნველყონ“.
საკითხის არსი ის არის, რომ კომპანიას ნაგვის შემგროვებელ მანქანებთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა. ეს მანქანები ფუჭდება და საჭირო ხდება ახლების შეძენა. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში „სანიტეკმა“ გამოაცხადა, რომ 500 ათასი დოლარის ტექნიკა შეიძინა. ამავდროულად კომპანიის დირექტორმა ნიკოლას ელ ტავილმა განაცხადა, რომ ასობით ნაგვის შემგროვებელი მანქანაც რომ აამოქმედონ, პრობლემები მაინც ექნებათ. მან განმარტა, რომ აუცილებელია გადაიჭრას იმ გზების პრობლემა, რომლებიც ერევნის ნაგავსაყრელი „ნუბარშენისკენ“ მიდის, და რის გამოც, ეს მანქანები მწყობრიდან გამოდის.
ჯერ კიდევ სექტემბერში კომპანიის ხელმძღვანელობა მერიას იმის თაობაზე შეუთანხმდა, რომ „სანიტეკი“ ახალ მანქანებს შეიძენდა, მერია კი გზების პრობლემას მოაგვარებდა. კომპანია იმაზე მიუთითებს, რომ მერიამ ვალდებულების საკუთარი ნაწილი არ შეასრულა, რის გამოც, კომპანია „სანიტეკი“ ზარალს განიცდის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია იმ ტენდერის შესახებ, რომელიც მერიამ, მანქანების შესყიდვის მიზნით, ჯერ კიდევ თებერვალში გამოცხადა. ეს მანქანები „სანიტეკისთვის“ იჯარით უნდა გადაეცათ, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მერიამ არც ეს შეთანხმება შეასრულა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლები ორ ბანაკად დაიყვნენ.
ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალაქის მერიამ „არაკეთილსინდისიერი თამაში“ წამოიწყო და ოპოზიციის ეჭვებს იზიარებენ. სხვები დარწმუნებულები არიან, რომ მერია მოქალაქეების ინტერესებისამებრ მოქმედებს.
აი, ერევნელების ზოგიერთი კომენტარი:
„არ მესმის, ნუთუ ყველას მოსწონს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც კანონი არ მოქმედებს? ხაჯაკიანი პირდაპირ მიუთითებს იმ დარღვევაზე, რომელიც ერევნის მერიამ დაუშვა! რატომ ხუჭავს ამაზე ყველა თვალს? ვითომ წინა ხელისუფლება არ გვეყოფოდა!“
„მერი გასაგდებია! წავიდეს და თეატრის დაცვაში იმუშაოს!“
„ოპოზიცია სპეციალურად უშლის ხელს, რომ ქალაქი ნაგვისგან საბოლოოდ გაიწმინდოს!“
„უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს, თუ როგორ გაასუფთავებენ ამ ქალაქს, ვინ და როგორც მოიგებს ტენდერს – ოღონდაც ერევანი ბოლოს და ბოლოს გაწმინდონ ამ ტონობით ნაგვისგან.“