2022 წელს საქართველოში რეკორდული 4.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა - 2 მილიარდზე მეტი რუსეთიდან
ფულადი გზავნილები საქართველოში
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა – გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში ხუთჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29 პროცენტია.
2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
- რუსეთის ფედერაცია – $2.068 მლრდ;
- იტალია – $431.6 მლნ;
- აშშ – $327 მლნ;
- საბერძნეთი – $224 მლნ;
- ისრაელი – $199 მლნ;
- გერმანია – $164.3 მლნ;
- ყაზახეთი – $150 მლნ;
- ყირგიზეთი – 111.7 მლნ,
- თურქეთი – $101 მლნ;
- ესპანეთი – $57 მლნ.
მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 535.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით მეტია 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის გადმორიცხვებშიც რუსეთი ლიდერობს და მხოლოდ ერთ თვეში გადმორიცხულმა თანხამ 317.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია, მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.