უკვე ხუთი თვეა, საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს
საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი – 109 158 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა კი 274 პროცენტია. ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.
10 ლიდერი ქვეყანა ვიზიტორების მიხედვით:
- რუსეთი – ზრდა წინა წელთან 274.4 პროცენტი;
- თურქეთი – ზრდა 126.2 პროცენტი;
- სომხეთი – ზრდა 277.6 პროცენტი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – ზრდა 72.2 პროცენტი;
- ისრაელი – ზრდა 70.4 პროცენტი;
- უკრაინა – ზრდა 3.9 პროცენტი;
- აზერბაიჯანი – ზრდა 64.1 პროცენტი;
- ყაზახეთი – ზრდა 7 პროცენტი;
- ბელარუსი – ზრდა 89.2 პროცენტი;
- ირანი – ზრდა 342.2 პროცენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში სულ 4,391,082 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 188.5 პროცენტით აღემატება.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ტურიზმის სრული აღდგენა მიგრაციის გარეშე 2023 წელსაა მოსალოდნელი, მიგრაციის პიკი კი სავარაუდოდ წელს იქნება. ამასთან, არის მოლოდინი, რომ 2023 წელს საქართველოში მოგზაურების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 85 პროცენტით აღდგება.
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
ჟურნალ “ბათუმელების” ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა და 37.9 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ასევე, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული.