"ხალხის ძალა" - ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს
ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა ახალ მოძრაობას “ხალხის ძალა” უწოდეს და ვრცელიც წერილი გამოაქვეყნეს.
მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო.
დეპუტატები წერენ, რომ საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ “ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან”. ასევე, მათი თქმით, “ხალხის ძალის” უმთავრესი მიზანი “საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება”, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნებიან.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ რომ მოძრაობის უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება.” – წერენ მოძრაობის წევრები.
წერილში სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი და მაჭარაშვილი კვლავ მიმართავენ აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს და ამბობენ, რომ თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების “სიჯიუტის” ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, “უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება”, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება:
“რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება.”
წერილის დასასრულს დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა.
“ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – ხალხის ძალა – გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს საბოლოოდ აარიდოს ომის საფრთხე, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, რაც სამართლიანობისა და სიმართლის გარეშე ვერ მიიღწევა, ქართულ საზოგადოებას აღუდგინოს ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რისი აუცილებელი პირობაც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაა და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის.” – აღნიშნულია განცხადებაში.
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს, მოგვიანებით კი მათ მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
ამის შემდეგ “ქართული ოცნება” და თანამდებობა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეგიონულმა ჩინოვნიკმაც დატოვა. პარტიიდან გასული დეპუტატები, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უპირისპირდებიან.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”
ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.