საქართველოში საერთაშორისო ფრენები და სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა
დღეიდან, 18 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა.
საქართველოს სამივე აეროპორტში შეწყდა რეგულარული ფრენები. სრულდება მხოლოდ სპეცრეისები და საქართველოში სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეები ჩამოჰყავთ. მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინში გადაჰყავთ, დანარჩენებს კი თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას აძლევენ.
აიკრძალა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
თბილისის ავტობუსებში კი მომსახურების წესები შეიცვალა. უსაფრთხოების დისტანციის დაცვის მიზნით, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან. მოქალაქეები ავტობუსის უკანა კარით ისარგებლებენ. ავტობუსებში აღარ იმუშევებენ კოდუქტორები.
დაიხურა საცურაო აუზები, სატრენაჟორო დარბაზები და სპა-ცენტრები.
დროებით დაიკეტა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.
კაფეებს, რესტორნებს და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ დროებით შეზღუდონ შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება და საქმიანობაში ე.წ მიტანის სერვისი გამოიყენონ.
მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი
70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში.
“ჩვენი ამოცანა მარტივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი დრო, რომ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს მაქსიმალურად ეფექტურად უმკურნალონ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა