ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად ბრუნდება. საპროკურორო საბჭომ მას დაუჭირა მხარი
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს გენერალური პროკურორი დიდი ალბათობით, შესაძლოა, კვლავ ირაკლი შოთაძე გახდეს – ადამიანი, რომელიც 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა ამ უწყებას და თანამდებობა საპროტესტო აქციებისა და საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად დატოვა.
7 თებერვალს საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე აირჩია.
სხდომას საბჭოს 12 წევრი ესწრებოდა. მათგან 11-მა შოთაძეს დაუჭირა მხარი. შოთაძის გარდა კიდევ სამი კანდიდატურა იყო.
ამის შემდეგ შოთაძის კანდიდატურას პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ შოთაძეს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ წარადგინა.
საქართველოს გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევენ.
ირაკლი შოთაძე ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ის 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უცნობი დარჩა ვინ მოკლა 16 წლის მოზარდი. ამ ფაქტმა სარალიძის ოჯახის წევრების და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისში გაიმართა ხალხმრავალი აქციები, სადაც მთელი მთავრობის და ასევე იმდროინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდნენ. სარალიძის ოჯახის წევრები, ასევე უფლებადამცველები და იურისტები პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ.
ირაკლი შოთაძე. ფოტო: ფეისბუკი
საზოგადოებრივი პროტესტის ამ ტალღაზე შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილმა შოთაძის გადადგომას “მაღალი სტანდარტი” უწოდა და თქვა, რომ მისი აზრით, შოთაძეს ხორავას საქმეში ბრალი არ მიუძღოდა.
ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შოთაძის დაბრუნება პირადად ივანიშვილის სურვილი და იდეაა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში საზოგადოებისთვის “სილის გაწვნას” ნიშნავს:
“ამას, შეიძლება დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის კარუსელი, სწორედ ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე იგივე ადამიანებს აბრუნებენ. ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს ცვლის და თავის აუდიტორებს, ასე არ არის. სახელმწიფო სხვანაირი სტრუქტურაა, სახელმწიფო სხვანაირად იმართება,” – ამბობს “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.