რეპორტაჟი უკრაინიდან იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა კომიკოსმა მსახიობმა პრეზიდენტობა და რას შეიძლება მისგან ველოდეთ " />

უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

რეპორტაჟი უკრაინიდან იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა კომიკოსმა მსახიობმა პრეზიდენტობა და რას შეიძლება მისგან ველოდეთ

რა მოხდა უკრაინაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, არც ისე ადვილი გასაგებია, მათ შორის თავად უკრაინის მოქალაქეებისთვის, გამარჯვებული ვლადიმირ ზელენსკის მომხრეების ჩათვლით. 21 აპრილს არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას თვის ბოლომდე უნდა შეუდგეს, თუმცა ინაუგურაციის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის. 

ზელენსკის ფენომენი

უკრაინაში პოპულარული სერიალის “ხალხის მსახური” სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში თითქმის განმეორდა – მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელმაც სერიალში უბრალო მასწავლებლის როლი შეასრულა, რომელიც პრეზიდენტი ხდება, ნამდვილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. ზელენსკიმ ხმების 73 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა პეტრო პოროშენკომ – 25 პროცენტზე ოდნავ ნაკლები.

ამ შედეგში უფრო დიდი წვლილი რამ შეიტანა – სიმპათიებმა სერიალის პერსონაჟის მიმართ თუ ხალხის ანტიპათიამ მოქმედი ხელისუფლების მიმართ? ზუსტი პასუხი ჯერჯერობთ არავის აქვს.

ვლადიმირ ზელენსკი სერიალის “ხალხის მსახური” გადაღების დროს. REUTERS/Valentyn Ogirenko 

ზელენსკის გმირი სერიალში – პრეზიდენტი გოლობოროდკო, ებრძვის კორუფციას, ციხეში სვამს მაღალჩინოსნებს, ებრძვის ოლიგარქებს და საბოლოო ჯამში წარმატებას აღწევს, თუმცა, ბევრი სირთულის გადალახვა უხდება – მათ შორის იმპიჩმენტის და ციხისაც კი.

“თქვენ გოლობოროდკო არ ხართ, – მიმართა ოპონენტს დებატების დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ,  – თქვენ აქ არც ველოსიპედით და არც ტროლეიბუსით მოსულხართ”.

• უკრაინა რუსულ ენას ემშვიდობება

• მოსაზრება: უკრაინა სუფთა ფურცლიდან იწყებს?

• რის გაკეთებას შეძლებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი?

მართალია, ზელენსკი არა ველოსიპედით, არამედ საკმაოდ ძვირიანი “რეინჯროვერით” დადის, თანაც დაცვის თანხლებით. იგი არა უბრალოდ მსახიობია – ზელენსკი, გარდა იმისა, რომ ავტორი და სცენარისტია, გამოცდილი მედიამენეჯერიცაა, რომელიც მილიონობით დოლარის ბრუნვის მქონე ბიზნესს მართავს (ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე მართავდა). სტუდია “კვარტალი 95”-ის გარდა, ესაა  ფილმების და სხვადასხვა შოუების გადაღება. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი იუმორისტული გადაცემის “გააცინე და მოიგე” საავტორო უფლება ზელენსკის ეკუთვნის – შოუ “გააცინე კომიკოსი” სწორედ მისი მოფიქრებულია და იგი ამაში თანხას 21 ქვეყნიდან იღებს.

ზელენსკის პრაქტიკულად ყველა მოწინააღმდეგე შეკითხვას, უნახავთ თუ არა სერიალი “ხალხის მსახური” და “კვარტალი 95”-ის ნომრები, პასუხობს, რომ არ უნახავს. თუმცა, გაუგიათ, რომ სერიალი არ ვარგა, “კვარტალის” ხუმრობები კი იაფფასიანია.

სინამდვილეში ის, რასაც ზელენსკი აკეთებდა, არა უბრალოდ იუმორია, არამედ პოლიტიკური სატირაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. “კვარტალის” გუნდი დასცინოდა არა მხოლოდ პოროშენკოს და მის ხელისუფლებას, არამედ ვლადიმირ პუტინს და რუსულ პროპაგანდას უკრაინის წინააღმდეგ. რამდენად გამოსდიოდათ, ეს გემოვნების და იუმორის გრძნობის საკითხია. სერიალის რეიტინგებს მიხედვით, უკრაინელი მაყურებლების უმრავლესობამ ეს იუმორი კარგად მიიღო. ასე რომ, ზელენსკიმ თავისი, როგორც მსახიობის, პოპულარობა სრულად დაიმსახურა.

მთავარი, რაშიც ზელენსკის სდებენ ბრალს პოროშენკო და მისი მომხრეები, ოლიგარქ კოლომოისკისთან მისი სიახლოვეა, პრეზიდენტმა კამპანიის დროს მას “მარიონეტიც” კი უწოდა. ოდესღაც პოროშენკოს თანამებრძოლი იგორ კოლომოისკი 2014 წელს თავად პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. უკრაინაში ბევრს მიაჩნია, რომ ეს რეგიონი პრორუსი სეპარატისტების გავლენას სწორედ კოლომოისკიმ გადაარჩინა, თანაც ჯარსა და უკრაინელ მოხალისეთა ბატალიონებს საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.

მოგვიანებით პოროშენკოსა და კოლომოისკის გზები გაიყო – სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე კონტროლის გამო პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ კოლომოისკი ჯერ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მისი კუთვნილი უკრაინის უმსხვილესი ბანკი “პრივატბანკი” კი ნაციონალიზაციის შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

ზელენსკი კოლომოისკის ბიზნეს-პარტნიორს უწოდებს – მისი იუმორისტული შოუ და ტელესერიალი კოლომისკის კუთვნილ ტელეარხ “1+1”-ზე გადიოდა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზელენსკის იგივე ადვოკატი ემსახურებოდა, რაც კოლომოისკის. ასევე  – დაცვა და ავტომანქანები, რომლებიც ოლიგარქის სტრუქტურებს ეკუთვნის. გარდა ამისა გაირკვა, რომ არჩევნებამდე ზელენსკი რამდენიმეჯერ ისრაელში იმყოფებოდა, სადაც კოლომოისკი ცხოვრობს, ოლიგარქთან დაახლოებული პირების თანხლებით.

თავად ზელენსკი მასზე კოლომოისკის გავლენას უარყოფს, მისი შტაბის წარმომადგენლები კი “დიდი ხნის პარტნიორებთან” თანამშრომლობაში ცუდს არაფერს ხედავენ.

რა არის მთავარი მიზეზი?

უკრაინაში პოლიტიკური კომენტატორების უდიდესი ნაწილი ვარაუდობს, რომ ადამიანებმა არჩევნებზე ძირითადად ხმა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო მისცეს, ასევე ზოგადად პოლიტიკოსებით იმედგაცრუებამაც თავისი როლი შეასრულა.

“ზელენსკის მაღალი პროცენტი რაღაც დონეზე მისი დამსახურება არ არის. ეს იყო ხმის მიცემა ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკაში ერთი დღეც არ ყოფილა”, – ამბობს სერგეი რახმანინი, გამოცემა “Дзеркало тижня”-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე.

მისი აზრით, სწორედ პოლიტიკური გამოცდილების არქონამ, ასევე ცნობადობამ სერიალისა და შოუს წყალობით, ზელენსკის გადამწყვეტი მხარდაჭერა მოუტანა.

თუმცა, გარდა ამისა, საკუთარი “წვლილი” მის გამარჯვებაში პრეზიდენტმა და მისმა გუნდმაც შეიტანეს.

“პოროშენკოს გარშემო ლოიალური, ნაწილობრივ მლიქვნელური გარემოცვა ჩამოყალიბდა, რომელმაც “თბილი აბაზანის” ეფექტი შეუქმნა”. 

არჩევნების წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ ერთგვარი “ერის მამის”, წარმატებული მხედართმთავრის, ეროვნული იდეებისა და სულიერი ფასეულობების დამცველის იმიჯი მოირგო. თანაც, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდწილად პრეზიდენტის დამსახურებით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ მისი ავტოკეფალიის აღიარებას მიაღწია.

მოკლედ, ეს ყველაფერი ტიპიური პოსტსაბჭოთა ლიდერის კამპანიას ძალიან ჰგავდა. არჩევნების წინ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ახალი რაკეტის გაშვებასაც კი მეთაურობდა  – თითქმის ვლადიმირ პუტინივით.

პოროშენკოს კამპანიის მთავარი სლოგანი იყო “ჯარი, ენა, სარწმუნოება”. რასაც ყველანაირი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე მის მხარეს ყველა ის ამომრჩეველი უნდა მოეზიდა, რომლებისთვისაც ეროვნული ფასეულობებია მნიშვნელოვანი.

მაგრამ, ამან აშკარად არ იმუშავა.

“რა მოხდა? ხალხს მობეზრდა ადამიანები, რომლებიც მას ნახევრადსიმართლეს ან ტყუილს ეუბნებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში. ბევრი დაიღალა ბოლო წლების პატრიოტული რიტორიკით. იმის ფონზე, რომ ხალხის ცხოვრება არ უმჯობესდებოდა, ლოზუნგები ენის, ჯარისა და სარწმუნოების, საერთაშორისო არენაზე წარმატებების  შესახებ გამაღიზიანებელი იყო”,  – ამბობს ანდრეი კულიკოვი, ცნობილი ჟურნალისტი და რადიო ჰრომადსკოეს წამყვანი, რომელსაც პოროშენკოსა და ზელენსკის შორის მთავარი დებატები მიჰყავდა.

მართლაც, ქვეყნაში, ენისა და სარწმუნოების გარდაც, პრობლემები მრავლადაა.

რუსეთთან კონფლიქტი გრძელდება, მინსკის შეთანხმების წყალობით აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა გრძელდება პოზიციური ბრძოლები და დაბომბვები, უკრაინელი სამხედროები კვლავაც იღუპებიან.

რევოლუციას, შემდეგ კი ომს ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომელსაც ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია ახლდა. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ მოლდოვას ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად ყოფნის საეჭვო პრივილეგია “წაართვა”.

მაიდანზე დაღუპულთა მემორიალი კიევში. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა სიტუაცია კორუფციის თვალსაზრისით – ის კვლავ უკიდურესად მაღალია. Transparency International-ის 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში 120-ე ადგილზეა, ანუ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის უარესი მდგომარეობაა რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ქვეყანაში კვლავაც ოლიგარქიული მმართველობაა  – ძირითადი მედიასაშუალებები, ეკონომიკის დარგები და პოლიტიკური პარტიები ოლიგარქების მიერ კონტროლდება.

პოროშენკოს რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა კორუფციულმა სკანდალებმა, მათ შორის ჯარის მომარაგებაში კორუფციასთან დაკავშირებით, რომლებშიც მისი უახლოესი გარემოცვის კვალი გამოიკვეთა.

პოროშენკო საკუთარ დამსახურებად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ საგარეო კურსს მიიჩნევდა.

თუმცა, უკრაინის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე სერგეი ტომილენკო საინტერესო დეტალს გვიყვება ბოლო საარჩევნო კამპანიის შესახებ – იმ ტელეარხებმა, რომლები ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებდნენ, მეორე ტურის წინ მხარი არა ზელენსკის, არამედ პოროშენკოს დაუჭირეს.

პოროშენკოს მიერ კონტროლირებადი მედია კი პროპაგანდის ყველაზე ბინძურ მეთოდებს არ ერიდებოდა.

“ეროვნული ტელეარხი “პრიამოი”, რომელიც  პრეზიდენტ პოროშენკოს უჭერს მხარს, მისი გარემოცვის მიერ ფინანსდება. ჩვენ მას ვადარებთ Russia Today-ს, რუსულ პირველ არხს და “როსია 24″-ს. ეს არის უკრაინული ტელეარხი რუსული პროპაგანდისტული სტანდარტებით,” – ამბობს ტომილენკო. 

პოროშენკომ მეორე ტურის წინ ზელენსკის წინააღმდეგ ნამდვილი შავი პიარის კამპანია გააჩაღა. უკრაინულ მედიაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა კამპანიაში საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებით კარგად ცნობილი ისრაელელი პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი ჩართო.

პეტრო პოროშენკოს სააგიტაციო ბილბორდი მეორე ტურის წინ, რომელიც ხალხს “გადამწყვეტი არჩევანის” გაკეთებისკენ მოუწოდებს.  REUTERS/Valentyn Ogirenko 

არც პოროშენკოს შტაბმა, არც თავად კლუგჰაფტმა ეს არ დაადასტურეს, მაგრამ პოროშენკოს კამპანიამ სალომე ზურაბიშვილის კამპანია ფაქტობრივად გაიმეორა. ამომრჩევლებს მეორე ტურის წინ ავტომოპასუხე ურეკავდა და პოროშენკოს ხმით მის მხარდაჭერას სთხოვდა, როგორც მანამდე ივანიშვილის ხმით საქართველოში. გარდა ამისა, ქუჩებში ბილბორდები განთავსდა, რომლებზეც პოროშენკო პუტინთან ერთად იყო გამოსახული  – იგი ამომრჩევლებს ამით არწმუნებდა, რომ მათ არჩევანი სწორედ მასსა და პუტინს შორის უნდა გააკეთონ. ქუჩებში კი უამრავი სახის სტიკერი და პლაკატი ვრცელდებოდა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ზელენსკი ნარკომანია, აპირებს მოქალაქეთა ანაბრები პრივატბანკში მიითვისოს და კოლომოისკის გადასცეს და ა. შ.

საბოლოო ჯამში, ამ კამპანიამ პოროშენკოს ვერ უშველა და დიდი ალბათობით, მისი ოპონენტის სასარგებლოდ იმუშავა.

ფოტო: Facebook

პოროშენკო არ ნებდება

არჩევნებში მარცხის შემდეგ არც პოროშენკო და არც მისი მხარდამჭერები დანებებას არ აპირებენ – წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება.

არჩევნების მეორე დღეს პოროშენკოს ათასობით მხარდამჭერი მის რეზიდენციასთან მისთვის მადლობის სათქმელად შეიკრიბა.

პრეზიდენტი მათთან სადღაც ნახევარ საათში გამოვიდა. ხალხს მისი ცუდად ესმოდა და თითქმის ვერ ხედავდა. თუმცა ნათელი იყო, რომ ეს სხვა პოროშენკო იყო – არა საზოგადოებისგან იზოლირებული და “თბილ აბაზანაში” მყოფი “ეროვნული ლიდერი”, არამედ ცოცხალი პოლიტიკოსი, რომელიც მზადაა ბრძოლისთვის და ხალხთან ურთიერთობისთვის.

პეტრო პოროსენკო მეუღლესთან ერთად არჩევნების მომდევნო დღეს მხარდამჭერებს ესალმება, 22 აპრილი 2019 წ. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews 

მან ხალხს მადლობა გადაუხადა და მომავალში გამარჯვებას შეჰპირდა. მხარდამჭერები მას ძალიან ემოციურად უსმენდნენ, ხშირად პატრიოტული ლოზუნგებით ამხნევებდნენ, ზოგი ტიროდა კიდეც.

გამოჩნდა, რომ პოროშენკომ, წაგებული არჩევნების მიუხედავად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშის დაკავება შეძლო და პროდასავლურად, ნაციონალისტურად და პატრიოტულად განწყობილი ელექტორატის, ნაწილის მაინც, მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. ლვოვის ოლქი დასავლეთ უკრაინაში, სადაც ეროვნული გრძნობები ტრადიციულად ძლიერია, ერთადერთი გახდა ქვეყანაში, სადაც მეორე ტურში პოროშენკომ ზელენსკის მოუგო.

პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერთა აქცია არჩევნების მომდევნო დღეს , 22 აპრილი 2019 წ. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

“მთავარი, რაც გააკეთა პოროშენკომ ხუთი წლის განმავლობაში, არის გეოპოლიტიკური არჩევანის ერთგულება, რომელიც ხალხმა მაიდანზე გააკეთა. ეს არის განუხრელი სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ამიტომ, ბევრი პრობლემის და შეცდომის, მისი და მასთან ახლოს მყოფი პირების გარშემო სკანდალების, ბევრი შეუსრულებელი დაპირების მიუხედავად, პოროშენკო დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად მიმაჩნია”,  – ამბობს პავლო ბილაკი, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც პოროშენკოს მხარდასაჭერად მოვიდა.

პოროშენკოს მომხრეები არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შეიკრნენ – ბევრმა ფეისბუქზე ჩარჩოდ “25%” დაიყენა, საზოგადოების საუკეთესო ნაწილისადმი კუთვნილების ნიშნად.

იქ, სადაც ომი ძალიან ახლოსაა 

უკრაინის აღმოსავლეთმა მეორე ტურში თითქმის ერთხმად ხმა ზელენსკის მისცა. მაგალითად, დონეცკის ოლქის კიევის მიერ კონტროლირებად ნაწილში მან ხმების თითქმის 90% მიიღო. მას შემდეგ, რაც პირველ ტურში აქ პირველ ადგილზე ღიად პრორუსი კანდიდატი იური ბოიკო გავიდა.

სლავიანსკი –  ქალაქი, რომელიც უკრაინულმა ჯარმა 2014 წლის ზაფხულში პრორუსი სეპარატისტებისგან გაათავისუფლა, დღეს სავსებით მშვიდობიანად გამოიყურება. თუ არ ჩავთვლით საავადმყოფოს ნანგრევებს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს მთლიანად დაინგრა და აღარ აღდგენილა.

ომის შედეგად დანგრეული საავადმყოფო ქალაქ სლავიანსკში.ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

სოფელი სემიონოვკა სლავიანსკის გარეუბანია. ხუთი წლის წინ აქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივი სკოლის დირექტორი სერგეი ბორისენკო დანგრეული სკოლის ვიდეოჩანაწერებს გვაჩვენებს. დღეს, სახელმწიფოსა და მოხალისეების წყალობით, სკოლა მთლიანად აღდგენილია. სკოლაში აქვთ იმის სავსებით მატერიალური  მტკიცებულებები, თუ როგორ ცდილობენ კიევში აქაურ სკოლებს და მთლიანად რეგიონს დაეხმარონ – ცნობილი უკრაინელი მუსიკოსის სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ნაჩუქარი ხმის აპარატურა და ელექტროპიანინო. გამოსაჩენ ადგილას თავად ვაკარჩუკის ავტოგრაფიც კიდია.

ასევე გამოსაჩენ ადგილზეა მოთავსებულია პრეზიდენტ პოროშენკოს ფოტოები, უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების გვერდით.

მეორე ტურში ამ სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე პოროშენკოს ხმა 65 ადამიანმა მისცა, ზელენსკის – 550.

“იმედი გვაქვს, რომ ის დაპირებები, რომელიც მას არ გაუცია, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ვვარაუდობთ, შესრულდება. რომ ბოლოს და ბოლოს იქნება მშვიდობა, დაიწყება წარმოების აღდგენა და ადამიანებივით ვიცხოვრებთ,”- ამბობს დირექტორი.

ერთმანეთთან ახლოს მდებარე სამრეწველო ქალაქები სლავიანსკი, კრამატორსკი და სევეროდონეცკი, თითოეული მოსახლეობით 100-დან 150 ათასამდე, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბის ქალაქებია. თუმცა, ეს ვიკიპედიის მიხედვით. ვიზუალურად კი აქ ადამიანებიც და ავტომანქანებიც ბევრად ნაკლებია. შთაბეჭდილება იქმნება, რომ დონბასის ქალაქები ხალხმა მასობრივად დატოვა.

სევეროდონეცკის ქალაქის საბჭოს წევრი იგორ ბუტკოვი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ზელენსკის მხარდაჭერაში დიდი როლი ომისგან დაღლილობამ შეასრულა.

ომი ძვირი ჯდება. უკრაინის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ ომის წარმოება ორმაგად უჭირს. ომს ბოლო არ უჩანს, ხალხი სანგრებში ლპება, როგორც პირველ მსოფლიო ომში, გაუგებარია რისი გულისთვის. ამიტომაც ამან დიდი როლი შეასრულა (არჩევნების შედეგებში) და არა მხოლოდ აღმოსავლეთში. უბრალოდ აღმოსავლეთში ეს ყველაფერი უფრო მწვავედ იგრძნობა. მრეწველობა გაჩერებულია, ხალხს სამსახური არ აქვს და იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს “, – ამბობს ბუტკოვი.

სევეროდონეცკიდან მარიუპოლში – აზოვის ზღვის პირას მდებარე ნახევარმილიონიან ქალაქში მოსახვედრად ოკუპირებული დონეცკისთვის გვერდის ავლაა საჭირო, ეს კი 300 კილომეტრია საკმაოდ შელახული გზებით. ამ გზაზე ქალაქებს გარეთ მობილური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობს.

მარიუპოლი ასევე სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს, ბრძოლების მოგონებად ადგილობრივი პოლიციის გადამწვარი შენობაა შემორჩენილი. ახლა ფრონტის ხაზი აქედან  25 კილომეტრში გადის.

ნახევარმილიონიანი ქალაქის პირობაზე ხალხი ქუჩაში აქაც საოცრად ცოტაა. ცენტრში ბევრი დანგრეული და მიტოვებულუ შენობაა – არა ომის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში მოუვლელობის გამო. აქაც მხარი ზელენსკის დაუჭირეს.

სახლი მარიუპოლში. წებოვანი ლენტი დაბომბვის დროს მინის ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად გამოიყენება.ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფოს სასწრაფოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მოუხდა. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება 2018 წლის ნოემბერში  მარიუპოლში ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კარდიოქირურგიის ცენტრის გახსნა გახდა. ამის მწვავე საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დონეცკის კლინიკა მიუწვდომელი გახდა და ქალაქში ახალი კლინიკის გახსნა აქაური გულით ავადმყოფებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც კიევი რეგიონში ინვესტიციებს არ იშურებს, განათლებაა. 66-ე სკოლა “დასაყრდენი”, ანუ საჩვენებელია, მისი აღჭურვილობის ბევრ კერძო სკოლას შეშურდებოდა. კლასები, შენობა, მოსწავლეების გარეგნული იერსახეც კი  – ეს ყველაფერი სავსებით დასავლურად გამოიყურება. სწავლების ენა აქ მხოლოდ უკრაინულია. 2014 წლამდე, ომის დაწყებამდე, ეს ქალაქში ერთადერთი უკრანული სკოლა იყო.

სკოლის დირექტორი ნატალია როვიცკა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა, სკოლაში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: “ხალხი მიხვდა, რომ აქ უკრაინაა და უკრაინული ენის სწავლა აუცილებლობაა”. უკრაინულად სწავლებაზე მთლიანად რუსულენოვანი მარუპოლის ყველა სკოლა 2018 წლის შემოდგომიდან გადავიდა.

როვიცკა ამბობს, რომ ზოგიერთ მოსწავლეს თავიდან უჭირს, თუმცა საბოლოოდ ყველა ეჩვევა.

სკოლის მოსწავლეები მარიუპოლში. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

იმაზე, რომ ენის საკითხი უკრაინისთვის მწვავე და აქტუალურია, ისიც მეტყველებს, რომ უმაღლესი რადას დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სასწრაფოდ დაამტკიცეს კანონი ენის ესახებ, რომელიც მედიას და სახელმწიფო მოხელეებს უკრაინული ენის გამოყენებას ავალდებულებს და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმებს აწესებს. დეპუტატებმა ასე იმიტომ იჩქარეს, რომ კანონისთვის ხელი პოროშენკოს მოეწერა.

მარიუპოლის სკოლის დირექტორი ამტკციებს, რომ კანონი არც მოსწავლეებისთვის და არც ადგილობრივებისთვის არაფერს შეცვლის. თუმცა გასაგებია, რომ უკრაინის აღმოსავლეთის რუსულენოვანი რეგიონებისთვის ახალი წესები დამატებით საზრუნავს და სირთულეებს ნიშნავს.

მარიუპოლის მერის მოადგილე მიხაილო კოგუტი ჰყვება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ფრონტისპირა ქალაქში ხორციელდება. ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას უცხოელი დონორების მონაწილეობით ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შესახებ.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას იგი მთავარ პრობლემებს ასახელებს, რომელთა გადაწყვეტასაც აქაურები ელიან:

“კარგი იქნებოდა, ამ ადამიანს (ზელენსკის) ესმოდეს, რამდენმა ადამიანმა გამოუცხადა ნდობა. პირველი პრობლემა მშვიდობაა, რაც ერთნაირად ყველას აწუხებს, იქნება ეს მარიუპოლი თუ დასავლეთ უკრაინა. და მეორე – საჭიროა ეკონომიკური ზრდა, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს… ვფიქრობ, ჩვენ რაღაც ეტაპი უკვე გადავლახეთ და ხალხი დაპირებებს დიდი ხნით აღარ დაიჯერებს. თუ არ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, ხალხი ამას აღარ აღიქვამს და ასე დიდხანს აღარ დაელოდება”.

ანდრეევსკის დაღმართი კიევში, ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews 

პრეზიდენტი ყველასათვის? 

შეუძლებელია იმის თქმა, რომ ზელენსკის მხარი მხოლოდ აღმოსავლეთმა ან მხოლოდ დასავლეთმა დაუჭირა, მხოლოდ უმცროსმა ან უფროსმა თაობამ ან ცალსახად პროდასავლელმა ან პრორუსმა ამომრჩეველმა. მან თითქმის ყველა  სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფის გაერთიანება შეძლო.

ჟურნალისტი სერგეი რახმანინი პოლიტიკაში ზელენსკის სრულ არაკომპეტენტურობაზე საუბრობს და მას “სუფთა ფურცელს” ადარებს, რომელზეც სხვა ადამიანები დაწერენ.

“გაურკვეველია, ვინ გახდება მისი მთავარი ელექტორატი და მას როგორ მოერგება. ვინ იქნებიან ის პირები, რომლებიც მასზე გავლენას მოახდენენ. ამიტომ დაახლოებითაც კი იმის განსაზღვრა, როგორი იქნება მისი პოლიტიკა, შეუძლებელია”  

სწორედ ესაა ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა – მისი მომხრეების მოლოდინები იმდენად განსხვავებულია, რომ საეჭვოა, ყველა მათგანის გამართლება მოახერხოს.

მადლობას ვუხდოთ Academy of Ukrainian Press-ს უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებისთვის

ასევე წაიკითხეთ