ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
გაზიარება
გაზიარება
თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და შეთანხმებების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მთავრობის განცხადებით, ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონია
კიდევ რა პაკეტები გაფორმდა
ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებათა პაკეტიც გაფორმდა, რომელიც მოიცავს 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე.
ასევე გაფორმდა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წლის ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელება, რასაც მხარეები სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიად განიხილავენ.
დოკუმენტებს ქართული მხრიდან ხელი მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს.
მხარეებმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების “პოზიტიურ დინამიკას“ და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართული მხარის განცხადებით, თბილისი მზადაა უმასპინძლოს კომისიის მომავალ სხდომას.
გარდა ეკონომიკური საკითხებისა, განხილვის თემა გახდა რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევებიც. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარების კონტექსტში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივად განხორციელებული რეგიონული პროექტები და მათი როლი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებოდნენ, რაც მხარეების შეფასებით, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.