ოპოზიციის ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო 6 პირობას ასახელებს
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციის ალიანსი არჩევნებზე
ოპოზიციის ალიანსი ასახელებს 6 მოთხოვნას, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ალიანსის ხედვით, ამ მოთხოვნების შესრულება საზოგადოებას დაუბრუნებს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებით დასრულდება.
მათი განცხადებით,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია შესრულდეს შემდეგი 6 ძირითადი მოთხოვნა:
შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი – გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლის, ხოლო ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, თუმცა პირობითად, ბარიერგადალახული პარტიების პრინციპიდან გამომდინარე ვიღებთ ამ მაჩვენებლებს.
ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო ხმის უფლება და მათთვის გამარტივდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
სანდო კომისიასთან ერთად, მნიშვნელოვანია სანდო კომისიები, ამისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, ამიტომ დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები და ასევე, მნიშვნელოვანია აუდიტისა და შესწავლის/შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ სანდო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს, როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს.
გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნების ამომრჩევლის მონაწილეობის გასაჯაროება.
საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები, რომელიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე.
გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.
“სწორედ ამ 6 პრინციპის, მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში ჩვენ, ოპოზიციის ალიანსს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თუნდაც მინიმალური სტანდარტის დაცვით არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა, რომელიც არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
2024 წლის არჩევნებში საარჩევნო პროცესების უხეში დარღვევისა და დიდი რაოდენობით მანიპულაციების შედეგად, არჩევნების შედეგებზე მოხდა ზეგავლენა, შესაბამისად, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, ზუსტად ამ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და ნორმალური, სამართლიანი, თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩასატარებლად, აუცილებელია ამ 6 პირობის შესრულება, რაც ამომრჩეველს გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში შეცვლის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას.” – ნათქვამია ოპოზიციური ალიანსის განცხადებაში.
ამასთან, ალიანსმა ბრიფინგზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა 26 მაისს, რუსთაველის გამზიზრზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ:
“26 მაისს რუსთაველზე გელოდებით მთელ საქართველოს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი!”