"ოჯახი ვერ ააშენებს ბედნიერებას აბორტის ფონზე“ — შიო III-ის პირველი ქადაგება ოჯახსა და დემოგრაფიაზე. კომენტარები
შიო III-ის პირველი ქადაგება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ პირველ საჯარო ქადაგებაში ოჯახის, დემოგრაფიული კრიზისა და “გენდერული იდეოლოგიის“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებები შეეხებოდა როგორც ქვეყნის მოსახლეობის შემცირების საფრთხეს, ისე აბორტის საკითხს და ოჯახური ღირებულებების დაცვას.
“ოჯახის დაცვისთვის კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს“
პატრიარქმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც, მისი შეფასებით, ოჯახს “მავნე გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიისგან“ დაიცავს.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს მოწოდებები მსგავსი კანონმდებლობის უარყოფისკენ, თუმცა ეკლესიის პოზიცია საპირისპიროა – ეს მიმართულება, მისი განცხადებით, უნდა “განმტკიცდეს და გაძლიერდეს“.
შიო III-მ აღნიშნა, რომ ოჯახის დაცვის პოლიტიკა ქვეყნის “გადარჩენის, გამრავლებისა და ღვთის წყალობის“ საფუძველად მიაჩნია.
დემოგრაფიული კრიზისის შესახებ
ქადაგებაში პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას დაუთმო. მისი განცხადებით, თუ ქვეყანა დემოგრაფიულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ოჯახების გაძლიერებაზე არ იზრუნებს, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში “სხვა ხალხები დამკვიდრდებიან და რიცხობრივად ქართველებს გადააჭარბებენ“.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ჯგუფებს “უყვართ ბავშვები“, “არ იშორებენ შვილებს“ და “იცავენ თავიანთ რელიგიას“, რის გამოც უკეთ მრავლდებიან.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარისგან “ღმერთმა დაგვიფაროს“, თუმცა დაამატა, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში ეს საფრთხე რეალურად მიაჩნია.
აბორტი როგორც “მძიმე ცოდვა“
სხვა განცხადებაში შიო III ოჯახში აბორტის თემას შეეხო და მას “მძიმე ცოდვა“ უწოდა.
“თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორი აბორტი, მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. როგორც ვიცით ბიბლიიდან, მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. რადგან ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ანათებს”. – თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ.
კომენტარი

თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი: “ახლა გავაანალიზე ქვეყანაში აბორტების რაოდენობა და შევადარე შობადობის მაჩვენებლებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ერთდროულად მცირდება როგორც აბორტების, ისე შობადობის რაოდენობა და აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება. რაც ჩვენს ქვეყანაში ჩანს ეს ის არის, რომ 2018 წლიდან ქვეყანაში ზოგადად რეპროდუქციული აქტივობაა შემცირებული. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციასთან, ეკონომიკურ არასტაბილურობასთან, ბინებზე მკვეთრად გაზრდილ ფასებთან და ოჯახების სუსტ სოციალურ დაცვასთან.
უფრო ზუსტად რომ შევხედოთ,
აბორტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2011-2015 წლებში და წლიურად 30 000-ს აღემატებოდა. პიკი 39 200 შემთხვევით 2012 წელს დაფიქსირდა. თუმცა მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო 2014 (33 500) და 2015 (33 400) წლებშიც. 2018 წლიდან იწყება აბორტების განგრძობადი ვარდნა და 2024 წელს აბორტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე – 11 800-მდე შემცირდა. 2012 წლის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით, ეს დაახლოებით 70%-იანი კლებაა.
ახლა შობადობას რომ შევხედოთ:
დაბადებების ზრდა იწყება 2008 წლიდან. პიკი 2014 წელს დაფიქსირდა – 60 635 დაბადებით. მაღალი მაჩვენებლები იყო ასევე 2009, 2010, 2015 და 2017 წლებში. 2018 წლიდან კი იწყება შემცირება და 2025 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე – 37 867-მდე დაეცა. ისტორიულ პიკთან შედარებით, ეს დაახლოებით 37%-იანი კლებაა.
ამიტომ, საქართველოში აშკარად ჩანს ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ქვეყანაში ერთდროულად იზრდებოდა და შემდეგ ერთდროულად შემცირდა როგორც აბორტების, ისე შობადობის მაჩვენებლები. ანუ სტატისტიკურად პირდაპირი კორელაცია აბორტების შემცირებასა და შობადობის ზრდას შორის არ ჩანს. უფრო მეტად იკვეთება ის, რომ ქვეყანაში მთლიანად შემცირებულია რეპროდუქციული აქტივობა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის გადინებას, ეკონომიკურ სირთულეებს და, ჩემი აზრით, ასევე პოლიტიკურ დეპრესიასაც.
პრობლემა სხვაგან არის, თუმცა რეჟიმიც და საპატრიარქოც პრობლემას სხვა მიმართულებით ეძებენ, რადგან რეალურ სოციალურ და დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბარი არ სურთ.”

შოთა დიღმელაშვილი, “ფორბს საქართველოს” აღმასრულებელი რედაქტორი: “ქართული ოჯახების პრობლემა არაა “გენდერული თეორიები”. ქართულ ოჯახებს აქვთ ეკონომიკური პრობლემები, რის გამოც ოჯახები იშლება და ბავშვები მშობლებს მხოლოდ ეკრანიდან ხედავენ.
საქართველოს პრობლემა არაა დაბალი შობადობა, ქვეყანაში მეტწილად მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება. თუმცა მოსახლეობა მაინც მცირდება სიღარიბით, უთანასწორობით და უპერსპექტივობით გამოწვეული ემიგრაციის გამო.
ეკლესიის მოვალეობა, პირველ რიგში, უპოვრების და ჩაგრულების დაცვაა, აგრეთვე ერის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდების ამოშენება.
ამის ნაცვლად ვიხილეთ რელიგიური ამბიონის გამოყენება კონკრეტული პარტიისა და მათთან წილნაყარი ეკონომიკური ელიტების გასაძლიერებლად – კერძო პოლიტიკური ნარატივების გაზიარება, რომელიც ხალხის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.
ამ სცენამ დამაფიქრა ქრისტიანობის ფესვებზე. მაშინაც ებრაელთა ოკუპანტი რომის იმპერიის მიერ ხელდასხმულმა საეკლესიო მაღალიერარქებმა ჯვარს აცვეს ჭეშმარიტება. მართლაც, არაფერია ახალი ცისქვეშეთში.”

ლევან სუთიძე, გამოცემა “ტაბულას” რედაქტორი: “ვერ აწევს ახალი პატრიარქი იმას, რასაც ძველიც ძლივს უმკლავდებოდა. გადაავლეთ თვალი ფეისბუქს, ის არ არის ღვთაება და ძალიან დიდი დრო დასჭირდება, თუ საერთოდ მოახერხა, ამად იქცეს.
პატრიარქი ხელშეუვალია, მაგრამ ის არ არის ენაშეუვალი. ადამიანები მას ლანძღავენ.
ილია მეორეზე ამის მეასედიც ვერ ბედავდა ამდენს. ქუჩაში დგას ციფრული რევოლუცია.
კონიუნქტურის დაწესებას კი სჭირდება ქარიზმა და პოპულარული თემები.
დააკვირდით, რომ აბორტზე არავის დაუკრავს ტაში? იქ ხალხი სხვის ცოდვებზე სანადიროდ მივიდა, თორემ გგონიათ, საკუთარს ააკრძალინებს ვინმეს? ))
ერთხელ ეგეთი ხმა რომ გავრცელდა, მდინარაძემ სინათლის სიჩქარით უარყო, ემანდ ხელისუფლება არ ჩამომემხოსო.
მგონი ამათ მართლა დაიჯერეს, რომ ერი ვინმემ მოაქცია და ევანგელიზებულია.
უმალ მოიჭრის, ვიდრე საყვარლებისთვის აბორტს აგაკრძალინებთ.”