საქართველოს ნაკრების 6 მორაგბესა და ყოფილ მთავარ ექიმს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. რას ამბობს ფედერაცია
დოპინგის სკანდალი ქართულ რაგბიში
საქართველოს ნაკრების 6 მორაგბესა და ყოფილ მთავარ ექიმს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან.
გამოძიება უკავშირდება პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთში, ანუ იმ ფაზას, როცა ნაკრები აქტიურად ემზადებოდა ტურნირისთვის.
რაგბის კავშირი აცხადებს, რომ ეთანხმებიან მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შესაბამის ჯარიმასთან ერთად იღებენ ვალდებულებას გაატარონ ანტი-დოპინგური განათლების რეფრომა.
ვის მიესაჯა დისკვალიფიკაცია
დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.
ლაშა ლომიძე – 9 თვიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
მირიან მოდებაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ოთარ ლაშხი – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ლაშა ხმალაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
გიორგი ჭყოიძე – 6 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ნუცა შამათავა – 9 წლიანი დისკვალიფიკაცია – გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
მერაბ შარიქაძე – 11 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

რას ამბობს რაბგის კავშირი
“საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.
კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი.” – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
კონტექსტი
საქართველოს რაგბის ისტორიაში ცალკეული, ინდივიდუალური დოპინგის შემთხვევები ყოფილა როგორც კლუბურ, ისე ნაკრების დონეზე. ასეთ საქმეებში, როგორც წესი, ერთ ან ორ მოთამაშეს ეხებოდა და ისინი იშვიათად იწვევდა ფართო სისტემურ კითხვებს.
ახლანდელი საქმე რამდენიმე მიზეზით გამოირჩევა:
- ამ შემთხვევაში ჩნდება არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ შესაძლო სისტემური პრობლემების საკითხიც (მეთვალყურეობა, კონტროლი, შიდა კულტურა).
- საქმეში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე (და პერსონალის წევრი) ფიგურირებს;
- საქმე ეხება პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა მსოფლიო ჩემპიონატს, ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს;
- გამოძიება ჩატარდა საერთაშორისო დონეზე World Anti-Doping Agency-სა და World Rugby-ის მონაწილეობით.