კომენტარი აბორტებზე: ქალის სხეული არ არის სახელმწიფოს დემოგრაფიული რესურსი და არც ეკლესიის საკუთრება
პატრიარქის განცხადება აბორტებზე
ექიმი-რეპრუდოქტოლოგი ეკა კვირკველია პატრიარქ შიო III-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება აბორტების შესახებ და ამბობს, რომ აბორტების რაოდენობა ყველაზე ეფექტურად მცირდება არა აკრძალვით, არამედ ხარისხიანი სექსუალური განათლებით, კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობით, სოციალური მხარდაჭერით და ქალის უფლებების პატივისცემით. მისივე თქმით, ქალის სხეული არ არის სახელმწიფოს დემოგრაფიული რესურსი, არც ეკლესიის საკუთრება და არ საზოგადოების კოლექტიური პროექტი.
პატრიარქმა შიო III-მ 17 მაისს თქვა: “თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს”.

ეკა კვირკველია: “აბორტზე საუბარი საქართველოში ხშირად ემოციურ, რელიგიურ და პოლიტიკურ პოლარიზაციაში იკარგება, თუმცა როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ექიმს, მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საუბარი ისტორიის, მედიცინისა და ადამიანის უფლებების კონტექსტის გარეშე არასრულყოფილია…
დღეს საქართველოში აბორტი კანონიერია ორსულობის 12 კვირამდე ქალის მოთხოვნით, ხოლო გარკვეულ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში — მოგვიანებითაც. თუმცა მიუხედავად კანონიერებისა, სტიგმა კვლავ ძლიერია. ქალი, რომელიც აბორტზე საუბრობს, ხშირად ექცევა მორალური განსჯის ქვეშ, მაშინ როდესაც იგივე საზოგადოება ხშირად სდუმს:
• სექსუალური განათლების დეფიციტზე
• კონტრაცეფციის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე
• ოჯახურ და სექსუალურ ძალადობაზე
• არასრულწლოვანთა ორსულობაზე
• და ქალების ეკონომიკურ დაუცველობაზე.
ამ საკითხში განსაკუთრებით საშიშია ის, როცა სახელმწიფო, რელიგია ან პოლიტიკური ჯგუფები ქალის სხეულს დემოგრაფიული ინსტრუმენტის როლში განიხილავენ. ისტორიულად ავტორიტარულ სისტემებს ხშირად სჭირდებოდათ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის კონტროლი — ხან თითქოს შობადონის გაზრდისთვის, ხან „ერის გადარჩენის“ სახელით, ხან კი ტრადიციისა და მორალის დაცვის ლოზუნგებით. ასეთ დროს ქალი აღიქმება არა როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, არამედ როგორც „საზოგადოების სხეული“, მე ვოტყოდი, როგორც “საზოგადოების საშვილოსნო/ინკუბატორი”.
ეს რიტორიკა განსაკუთრებით ნაცნობია პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის, სადაც ქალის სექსუალობა და რეპროდუქცია ხშირად კოლექტიური კონტროლის სფეროდ იქცა (გაგონებთ რაიმეს? ფაშიზმს ხომ არა?). სწორედ ამიტომ აბორტის დემონიზაცია ბევრად უფრო ფართო სოციალური პროცესის ნაწილია — ქალის სხეულის პოლიტიზაციის, სექსუალობის კონტროლისა და ავტონომიის შეზღუდვის.
საინტერესოა, რომ საზოგადოება ხშირად უფრო მეტად გმობს აბორტს, ვიდრე იმ გარემოებებს, რომლებიც არასასურველ ორსულობამდე მიჰყავს ადამიანებს. ნაკლებად ისმის კითხვა:
რატომ არ აქვს ბევრ ახალგაზრდას სანდო სექსუალური განათლება? რატომ არის კონტრაცეფცია ბევრისთვის ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი? რატომ არის ქალებზე პასუხისმგებლობის არაპროპორციული ტვირთი? რატომ რჩება დედობა ხშირად არა არჩევანად, არამედ სოციალურ ვალდებულებად?
დღეს საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური რეალობა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სურათის. ბევრი ოჯახი ცხოვრობს ფინანსური არასტაბილურობის პირობებში — მაღალი ფასები, არათანმიმდევრული შემოსავლები, საცხოვრებლის პრობლემები და სოციალური დაცვის სუსტი სისტემა ხშირად ქმნის გარემოს, სადაც რეპროდუქციული გადაწყვეტილებები ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ ეკონომიკური გადარჩენის ნაწილი.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაც: საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა და სახელმწიფო/კერძო სქემები ხშირად არ ფარავს სრულად არც რეპროდუქციულ დაგეგმვას, არც კონტრაცეფციას და არც აბორტს ადეკვატურ დონეზე.
საქართველოში ასევე ხშირად იგრძნობა უფრო ფართო სოციალური პრობლემა — ქალის რეპროდუქციული როლი ხანდახან განიხილება არა როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი მოლოდინი. ეს ქმნის სტრესს, სტიგმას და დანაშაულის განცდას ქალების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არ აქვთ საკმარისი ეკონომიკური ან ინსტიტუციური მხარდაჭერა.
ამიტომ აბორტის საკითხი არ არის მხოლოდ „დადებითი ან უარყოფითი არჩევანი“. ეს არის სისტემა, სადაც ერთმანეთს ხვდება:
• ეკონომიკური რეალობა
• ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
• განათლება
• სოციალური მხარდაჭერა
• და ქალის ავტონომია
როგორც ექიმი, მე ფართოდ გახელილი თვალებოთ ვუცქერ ამ თემას მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან: მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ყველაზე ეფექტური გზა აბორტების შემცირებისთვის არის არა შეზღუდვა ან სტიგმა, არამედ:
• სექსუალური განათლება
• კონტრაცეფციის რეალური ხელმისაწვდომობა
• სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა
• და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
როდესაც ეს პირობები სუსტია, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ დაბადების რაოდენობაზეა ფოკუსირებული, რჩება არასრულყოფილი.
ქალის სხეული და მისი რეპროდუქციული არჩევანი არ უნდა იქცეს არც პოლიტიკური კონკურენციის, არც იდეოლოგიური კონტროლის და არც სოციალური წნეხის ინსტრუმენტად.
მე, ექიმი, ვერ ვხედავ ქალის სხეულს როგორც იდეოლოგიურ ტერიტორიას, რომელსაც საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს. მედიცინის მიზანი არ არის დასჯა, სირცხვილის გაღვივება ან ადამიანის ცხოვრების მორალური პოლიცია. მედიცინის მიზანია:
• უსაფრთხოება
• ინფორმირებული არჩევანი
• პრევენცია
• ჯანმრთელობა
• და ადამიანის ღირსების დაცვა.
კიდევ ერთხელ! აბორტების რაოდენობა ყველაზე ეფექტურად მცირდება არა აკრძალვით, არამედ:
• ხარისხიანი სექსუალური განათლებით
• კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობით
• სოციალური მხარდაჭერით
• და ქალის უფლებების პატივისცემით.
ქალის სხეული არ არის სახელმწიფოს დემოგრაფიული რესურსი! არც ეკლესიის საკუთრება! და არ საზოგადოების კოლექტიური პროექტი! ქალის სხეული ეკუთვნის თავად ქალს!“