უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა პოლიტიკური ბრძოლა ახლა იწყება. შთაბეჭდილებები უკრაინიდან 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ " />

მოსაზრება: უკრაინა სუფთა ფურცლიდან იწყებს?

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა პოლიტიკური ბრძოლა ახლა იწყება. შთაბეჭდილებები უკრაინიდან 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

გაურკვევლობა და მოლოდინი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უკრაინის საზოგადოების მდგომარეობის დახასიათება ყველაზე უკეთ ალბათ ამ ორი სიტყვით შეიძლება. 21 აპრილს მსახიობმა და შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი სხვაობით (75 და 25 პროცენტი) ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა.

• რის გაკეთებას შეძლებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი?

• ქარვის ციებ-ცხელება: როგორ მუშაობენ უკრაინის დასავლეთში არალეგალი მომპოვებლები

დანამდვილებით არავინ იცის,  მათ შორის გამარჯვებული კანდიდატის მომხრეებმა, თუ როგორი იქნება ახალი პრეზიდენტის პირველი ნაბიჯები და ზოგადად პოლიტიკა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.

«იგი სუფთა ფურცელივითაა», – ასე დაახასიათა ზელენსკი ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა.

იგი იმას გულისხმობდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს ახალ მეთაურზე გავლენას მოიპოვებს, ამ ფურცელზე იმას ჩაწერს, რაც მოესურვება.

მარიუპოლი, 25 აპრილი 2019. JAMnews/დიმიტრი ავალიანი

უკვე ნათელია – იმის მიუხედავად, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დამარცხება თითქოს აღიარა, იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. პოროშენკო მოწინააღმდეგეებთან ახალი ბრძოლისთვის ემზადება და საკუთარი მომხრეების მობილიზებას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს.

საპარლამენტო არჩევნებზე 2019 წლის შემოდგომაზე უკრაინაში არანაკლებ მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა მოსალოდნელი.

22 აპრილს პოროშენკოს მომხრეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ, რათა პოროშენკოსთვის გაკეთებული საქმეებისთვის მადლობა გადაეხადათ. აშკარად ჩანდა, რომ ისინი იძულებით მოყვანილი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები არ არიან – ეს ადამიანები თავისი ქვეყნის მომავალზე მართლაც გულწრფელად წუხდნენ.

მათ გულწრფელად სწამთ, რომ პოროშენკო უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ყველაზე უკეთ დაიცავდა, შეებრძოლებოდა რუსეთის აგრესიას და ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პოლიტიკური კურსის გარანტი იქნებოდა. “ჯარი, ენა, სარწმუნოება”,  – პოროშენკოს მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი სწორედ ასე ჟღერდა.  

მას საკუთარ დამსახურებად მიაჩნდა ის, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი ხნის ნანატრი ტომოსი – მისი ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა.

უკრაინის დასავლეთში

როგორც ჩანს, პატრიოტულმა ლოზუნგებმა და ეროვნულ ფასეულობებზე აპელირებამ პრეზიდენტ პოროშენკოს მხარდაჭერა ქვეყნის დასავლეთში მოუტანა, კერძოდ ლვოვში, სადაც ეროვნული გრძნობები განსაკუთრებით ძლიერია. ეს ერთადერთი ოლქი გახდა, სადაც პოროშენკომ ზელენსკიზე მეტი ხმა მიიღო.

არჩევნების შემდეგ უკრაინის რადამ სასწრაფოდ ენის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ყველა სახელმწიფო მოხელეს და ყველა მედიას უკრაინული ენის გამოყენებას ავალდებულებს და დარღვევებისთვის ჯარიმებს აწესებს. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ქვეყნის უკვე ყოფილი ხელისუფალი პატრიოტების გულის მოგებას ცდილობს. ამ გადაწყვეტილების მომხრეებმა ჩათვალეს, რომ ახალი პრეზიდენტი ასეთ კანონს ხელს არ მოაწერს და ამიტომაც ასე იჩქარეს.

სლავიანსკი, 24 აპრილი, 2019. JAMnews/დიმიტრი ავალიანი 

უკრაინის აღმოსავლეთში

ამავე დროს, უკრაინის აღმოსავლეთში პატრიოტულ რიტორიკას და მით უმეტეს, უკრაინული ენის სტატუსის გაძლიერებას აღფრთოვანებით სულაც არ ხვდებიან.

აღმოსავლეთის ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ, რომლებმაც პირველ ტურში ხმა ღიად პრორუს კანდიდატებს მისცეს, მეორე ტურში მხარი ზელენსკის დაუჭირეს. ზოგიერთ რაიონში – ამომრჩეველთა 90 პროცენტმა.  

ამის მიზეზი, ადგილობრივების თქმით, ახლანდელი ხელისუფლებით და მდგომარეობით უკმაყოფილებაა, მათ შორის – გაჭიანურებული ომით.

აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც 

სინამდვილეში, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – პატრიოტულ ლოზუნგებს ხალხს არა მისი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, არამედ ამის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. 

მაგრამ ენის, სარწმუნოებისა და ჯარის მშენებლობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გარდა ადამიანებს მცირე ხელფასები, არაპროპორციულად მაღალი კომუნალური გადასახადები, საყოველთაო კორუფცია აღელვებთ, ყველა სხვა სოციალურ პრობლემასთან ერთად, რომელთა მოგვარება გასულ ხუთ წელიწადში ვერ მოხერხდა.

შედეგად, პროტესტის ნიშნად ხმის მიცემამ გააერთიანა დასავლეთიც, აღმოსავლეთიც და პრაქტიკულად ყველა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფი. 

ზელენსკიმ რაღაც სასწაულის წყალობით ძალიან განსხვავებული ადამიანები გააერთიანა – ცვლილებებს მოწყურებული პროდასავლური ახალგაზრდობიდან, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილ პენსიონერებამდე.

სერიალში “ხალხის მსახური” მთავარი როლის შემსრულებელს, რომელიც ფილმში უბრალო მასწავლებელს ასახიერებს,  რომელიც მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება, რეალურ ცხოვრებაში ბევრი სირთულე ელოდება – ისე გაკეთება, რომ არავის აწყენინოს, მას აღარ გამოუვა.

ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ცხოვრების სწრაფად გაუმჯობესებას ელოდება, ზელენსკის მიერ მიღებული ხმების პირდაპირპროპორციულია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ