საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია — საქსტატი
გაზიარება
გაზიარება
პატიმართა რაოდენობა საქართველოში
საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ჯამურად 22 767 მსჯავრდებული მოხვდა. ეს არა მხოლოდ 2024 წელთან შედარებით 25.5%-იანი ზრდაა, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აღრიცხავს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით.
2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში 8-9 ათასი პატიმარი იყო. შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, “ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ ციხეები სწრაფად გაავსო: 2007-2008 წლებში პატიმართა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. 2012 წლის შემდეგ, ციხის სკანდალებისა და ხელისუფლების ცვლილების ფონზე, მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და რამდენიმე წლის განმავლობაში 15-16 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა ისევ იმ ნიშნულს უბრუნდება, რომელიც ერთი პერიოდი ავტორიტარული მართვის სიმბოლოდაც კი მიიჩნეოდა.
სტატისტიკაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა – 5 322 შემთხვევა. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ქურდობის ყველა შემთხვევა ერთად და ბევრად აღემატება ძალადობრივი დანაშაულების მაჩვენებლებს. მაგალითად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 109-ია, გაუპატიურების – 45, ყაჩაღობის – 83.
სტატისტიკაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია კატეგორია “სხვა დანაშაული“, რომელიც 12 732 შემთხვევას მოიცავს. ეს მთლიანი სტატისტიკის ნახევარზე მეტია. ასეთი ფართო და ბუნდოვანი კლასიფიკაცია რთულს ხდის იმის შეფასებას, რეალურად რა ტიპის დანაშაულები ზრდის პატიმართა რაოდენობას ყველაზე მეტად.
პარალელურად, საქართველო უკვე წლებია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პატიმრობის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად რჩება მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პასუხი სოციალურ პრობლემებზე ისევ რეპრესიულია: სიღარიბე, ნარკოდამოკიდებულება, ახალგაზრდული დანაშაული და გზებზე უსაფრთხოების კრიზისი ხშირად სასამართლოსა და ციხის გავლით “გვარდება“, მაშინ როცა პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური პოლიტიკის მექანიზმები სუსტად რჩება.
წლების მიხედვით საქართველოში პატიმართა რაოდენობა შემდეგნაირია: