ბადრა გუნბამ 2025 წელი შეაჯამა: ეკონომიკური ზრდა, სალარო აპარატები და ახალგაზრდებზე ფოკუსირება
ბადრა გუნბას პრესკონფერენცია
გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ არჩევის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ფორმალურად 2025 წლის შედეგების შეჯამებას ეძღვნებოდა, თუმცა რეალურად ხელისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის ფართო მიმოხილვად გადაიქცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მედიის წარმომადგენლები, თუმცა რამდენიმე პოპულარული მედიასაშუალება პრესკონფერენციაზე ახსნა-განმარტების გარეშე არ მიუწვევიათ.
ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის გაფართოება
გუნბას განცხადებით, 2025 წელი აფხაზეთისთვის ეკონომიკური ზრდის პერიოდად იქცა. მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 30%-ზე მეტით გაიზარდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ბიუჯეტის შემოსავლებმა 21.7 მილიარდი რუბლი – დაახლოებით 252 მილიონი დოლარი – შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა. ხელისუფლების მტკიცებით, შემოსავლების 61%-ზე მეტი უკვე შიდა წყაროებიდან გენერირდება.
გუნბას თქმით, ეკონომიკამ დამატებით 1.3 მილიარდი რუბლის შემოსავალი მიიღო. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ეკონომიკურ განვითარებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე გადანაწილდა.
საგადასახადო რეფორმა და ჩრდილოვანი ეკონომიკა
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგადასახადო რეფორმაზე და სალარო აპარატების სისტემის დანერგვაზე.
მისი თქმით, რუსეთის საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობით უკვე მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის დიგიტალიზაციის პროგრამა, ხოლო 2026 წლის ბოლომდე აფხაზეთში ათასზე მეტი სალარო აპარატის დამონტაჟებაა დაგეგმილი.
“სახელმწიფოს აღარ შეუძლია ეკონომიკის ნაცრისფერ ზონაში დარჩენის დაშვება. აქ კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია“, — განაცხადა გუნბამ.
ხელისუფლება რეფორმას ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებისა და მცირე ბიზნესის უფრო გამჭვირვალე სისტემაში გადაყვანის მცდელობად განიხილავს.
ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პროექტები
პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ თემად ინფრასტრუქტურული პროექტები დარჩა. გუნბამ განსაკუთრებულად გამოყო სოხუმის აეროპორტის აღდგენა, რომელიც, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.
პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი ტურიზმის სექტორის გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საგადასახადო შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და ოჩამჩირის პორტის გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოება.
უსაფრთხოება და რუსეთთან თანამშრომლობა
გუნბა პრესკონფერენციაზე საგარეო უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალების საჯაროდ განხილვა შეუძლებელია.
მისი თქმით, აფხაზეთი რუსეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აგრძელებს და არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე ეს თანამშრომლობა სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად რჩება.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს თავდაცვაზე, მაგრამ ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ“, — თქვა მან.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორში შიდა რეფორმებიც მიმდინარეობს, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო არ არის.
ახალგაზრდული პოლიტიკა და ნარკოტიკების პრობლემა
ახალგაზრდული პოლიტიკა პრესკონფერენციის ერთ-ერთ ყველაზე ფართო თემად იქცა. ხელისუფლება, გუნბას თქმით, აგრძელებს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას – KVN ლიგებიდან ფესტივალებამდე და ახალგაზრდული პროგრამებით დასრულებული.
გუნბამ აღიარა, რომ ეს მიმართულება ხშირად კრიტიკის საგანი ხდება, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის გარეშე პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.
“ჩვენ გვაქვს კითხვები და პრობლემები ყველა სფეროში, მათ შორის ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ მათზე ფოკუსირება“, — განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ახალგაზრდული პროგრამები პირდაპირ დააკავშირა უსაფრთხოების საკითხებთან და აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით შეშფოთებულია ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ზრდით.
განათლება და აფხაზური ენის პოლიტიკა
განათლების სფეროში გუნბამ ყურადღება გაამახვილა აფხაზური ენის შენარჩუნებაზე. მისი თქმით, ყველა კატეგორიის მასწავლებლებს ხელფასები 15-20%-ით გაეზარდათ, ხოლო აფხაზური ენის მასწავლებლები დამატებით ყოველთვიურ პრემიას, 5000 რუბლს მიიღებენ.
“ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები აფხაზური ენის ადრეულ ასაკში წარმატებით შესასწავლად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ხელისუფლება გეგმავს ახალი საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში და ამ მიმართულებით თანამშრომლობას ბაგრატ შინკუბას სახელობის აფხაზური ენის განვითარების ფონდთან.
რეპატრიაციის მოდელის გადახედვა
გუნბამ განაცხადა, რომ მოქმედმა რეპატრიაციის მოდელმა მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა და საჭიროა მისი სრული გადახედვა.
მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს დიასპორასთან მუშაობის გაფართოებას არა მხოლოდ თურქეთში, არამედ რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მათ შორის აბაზინურ თემებთან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რეპატრიანტების განცალკევებულ დასახლებებში კომპაქტურად განსახლების პრაქტიკა შესაძლოა შეიცვალოს უფრო ინტეგრირებული მოდელით, სადაც ისინი ადგილობრივ ახალგაზრდა ოჯახებთან ერთად საერთო სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში იცხოვრებენ.
ფესტივალები, ეკონომიკა და კრიტიკა
პრეზიდენტმა უპასუხა კრიტიკას მასობრივი ღონისძიებებისა და ფესტივალების დაფინანსების შესახებ.
“ჩვენ ფორუმებსა და ფესტივალებს ვატარებთ არა არსებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა მან.
გუნბას თქმით, მსგავსი ღონისძიებები ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტად განიხილება და ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, მათ შორის ეთერზეთებისა და ღვინის ინდუსტრიის მიმართულებით.
შიდა უსაფრთხოება საკითხი
პრესკონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო, განსაკუთრებით კი გატაცებების პრობლემას, რომელიც აფხაზეთში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად რჩება.
გუნბას განცხადებით, ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფაა.
“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სასჯელის გარდაუვალობის სრული გაგება. ვინც არ უნდა იყოს ეს და ვისი ნათესავიც არ უნდა იყოს“, – თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას და რუს კოლეგებს თანამშრომლობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
შეჯამება
პრესკონფერენცია საბოლოოდ იქცა გზავნილად იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ცდილობს მოქმედი ე,წ, ხელისუფლება მოძრაობას: საგადასახადო კონტროლის გამკაცრება, ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოება, განათლებისა და ენის პოლიტიკის გაძლიერება და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება უსაფრთხოების, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამების საშუალებით.