ბოჭორიშვილი-სიბიჰას შეხვედრა: მხარეები ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობენ
გაზიარება
გაზიარება
ბოჭორიშვილი-სიბიჰას შეხვედრა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, კიშინეუში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა შეხვდნენ. შეხვედრა ბოლო პერიოდში თბილისსა და კიევს შორის განახლებული კომუნიკაციის გაგრძელებაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის საკითხს, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებზე, რომლებიც, სამინისტროს შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას აფერხებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღებისა და დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.
შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰაც. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა, მათ შორის სუამ-ის ფორმატში, და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
“ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას.“ — დაწერა სიბიჰამ.
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, თუმცა დაძაბულობა მანამდეც არსებობდა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების ფონზე.
თბილისი კიევს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა და უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოებს შიდა პოლიტიკურ კამპანიებშიც იყენებდა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ “ქართული ოცნება“ რუსულ ინტერესებთან იყო დაკავშირებული და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სხვა მაღალჩინოსნებს.
თუმცა ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კონტაქტები გააქტიურდა. მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა ერთმანეთს შეხვდნენ ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, სადაც ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრები უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
ამასთან, უკრაინამ ცოტა ხნის წინ საქართველოში ელჩი დანიშნა მას შემდეგ, რაც ქვეყანა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ელჩის გარეშე იყო დარჩენილი. უკრაინამ საქართველოს ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის მარტში კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო მოგვიანებით საბოლოოდაც დააბრუნა. კიევმა მაშინ მიზეზად დაასახელა საქართველოს პოზიცია სანქციების მიმართ და მოხალისეების საკითხი.