ზედ ქუჩის შუაგულში გაბმულმა მავთულხლართმა ოდესღაც ერთი დასახლება ორად გაყო" />

რუსეთ-უკრაინის საზღვარი — ხალხთა მეგობრობის ღობე

ზედ ქუჩის შუაგულში გაბმულმა მავთულხლართმა ოდესღაც ერთი დასახლება ორად გაყო

zaborona.com-ის მასალის მიხედვით 

ლუგანსკის ოლქში მდებარე მელოვოე – ქალაქის ტიპის დასახლებაა, და უკრაინის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილს წარმოადგენს. საბჭოთა დროსა და უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე ეს ორი დასახლებული პუნქტი ერთი მთლიანობა იყო. ორი ქვეყანა ერთ ქუჩას შუაზე იყოფდა – და მას ძველებურად „ხალხთა მეგობრობის“ სახელი ჰქვია.


მეგობრობა დასრულდა

ადგილობრივების ნაამბობით, ორი ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთთან სტუმრად გადაირბენდნენ ხოლმე, რაზეც მესაზღვრეები ხშირად თვალს ხუჭავდნენ.

2018 წლის სექტემბერში „ხალხთა მეგობრობა“ დასრულდა.

100 დღე, რომელმაც შეგვცვალა

ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა საქართველოში: გამყოფი ზოლი

კაფკასეული ისტორია რა ხდება რუსეთიდან აფხაზეთში საზღვარზე გადასვლისას, და პირიქით

ნისლში, შესაძლოა, ვერც კი შენიშნოთ თეთრ-წითელი ხაზებით შეღებილი ბეტონის ათეული პირამიდა, რომლებითაც გზა გადაკეტეს. მათ უკან ასფალტი გრძელდება, მაგრამ არც ავტომობილებია და არც ფეხით მოსიარულეები.

 

ფოტო: ევგენი მალოლეტკა

ბეტონის ბლოკები – ადგილი, სადაც უკრაინული გზა უკრაინასა და რუსეთს შორის ხაზს კვეთს. 2018 წლის აგვისტოდან იქ გავლა არ შეიძლება და მაცხოვრებლებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა.

ახლა უკრაინის ერთი სოფლიდან მეორემდე მისაღწევად ათობით კილომეტრის შემოვლითი გზით გავლაა საჭირო, არადა, გზების გადაკეტვამდე მანძილი რამდენჯერმე უფრო მცირე იყო.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ახლა სახანძრო დაცვასა და სასწრაფო დახმარებას ამ დაბამდე მისაღწევად ოთხჯერ უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე წინათ.

მელოვოეს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არტურ კოროლი განმარტავს, რომ 2003 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. მაშინ მუშაობდა ორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, თუ სად უნდა გავლებულიყო საზღვარი.

„პრინციპში, ის საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვარს დაემთხვა, – ჰყვება კოროლი, – მაგრამ ახლა ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის ფედერაციამ სამომავლოდ „ნაღმები“ ჩადო, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილი, მათ ტერიტორიაზე კი – ჩვენი“.

„ნაღმებია“ – ბეტონის სამკუთხედებით გადაკეტილი გზაც, რომელიც მელოვოეს რაიონის ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადის. ასევე – რუსეთის რკინიგზა, რომლის მატარებლებიც უკრაინის სახელმწიფო საზღვარს თერთმეტჯერ კვეთენ.

საწვავი მანეთებად

დაბა მელოვოეს განაპირას საფეხმავლო და საავტომობილო გამშვები პუნქტი მუშაობს. იქ, როგორც წესი, მანქანების რიგი დგას, უფრო ხშირად – უკრაინის მხრიდან. ერთ-ერთი მძღოლი ამბობს, რომ რუსეთში თითქმის ყოველ კვირას ჩადის. იქ ის ავტომობილში საწვავს ასხამს, რადგან საწვავი რუსეთში თითქმის ორჯერ უფრო იაფი ღირს. მელოვოეში ბევრი ამ გზით ფულს შოულობს, რადგან სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

ღობე “ხალხთა მეგობრობის ქუჩას” ზუსტად შუაზე ყოფს – რუსულ და უკრაინულ მხარეებად. 2014 წლის გეგმების მიხედვით, საზღვარზე წინაღობები, ორმოები და ტრანშეები უნდა გაჩენილიყო. მაგრამ 2017 წელს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პროექტის რეალიზაციის დროს ძარცვის შემთხვევების შესახებ საქმე გახსნა.

მელოვოეში ჩაწერილ ადამიანს რუსეთში გადასვლა არ უჭირს. საჭიროა მხოლოდ სარკინიგზო ხიდზე ლიანდაგების გადავლა, სადაც საზღვრისპირა მცირე გადაადგილების პუნქტი მოქმედებს. ლიანდაგების იქით მხარეს სარკინიგზო სადგური ჩერტკოვო მდებარეობს. მელოვოესა და ჩერტკოვოს შორის არსებულ ბუფერულ ზონაში საზღვარს ისინი კვეთენ, ვისაც მცირე საზღვრისპირა გადაადგილების სისტემით – სარკინიგზო ხიდით – სარგებლობის უფლება არ აქვს.

ფოტო: ევგენი მალოლეტკა

მელოვოეს ნავთობგადამამუშავებელი სადგურის ყოფილი თანამშრომელი ვიქტორი, უკვე ათი წელიწადია, პენსიაზეა და მუდმივად რუსეთში ცხოვრობს. მაგრამ ახლახან პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით მას ყოფილი სამუშაო ადგილიდან ფინანსური პრემია გადასცეს. საზღვარგარეთის პასპორტი მას არ აქვს, ამიტომ მას ფულს მელოვოელი მეგობარი და კოლეგა გადასცემს. ის ჩრტკოვოში კვირაში რამდენჯერმე ჩადის, რათა ცოლს წამლები უყიდოს და ადგილობრივ ჭადრაკის კლუბში ითამაშოს.  

„რასაკვირველია, არ მომწონს, რომ ახლა უკრაინაში მოხვედრა არ შეიძლება, – ჰყვება ვიქტორი, – იქ იმდენი მეგობარი და კოლეგა მყავს. წინათ ყოველთვის ვიკრიბებოდით. ზოგს კი ნათესავებიც ჰყავს იქ დამარხული!“

სახელმწიფოებს შორის ახლად აგებულ ღობესთან რუსული მხრიდან მისვლა შეზღუდულია. „ნოვაია გაზეტა“ წერდა, რომ „ხალხთა მეგობრობის“ ქუჩის რუსული ნაწილი სამი მხრიდან უკრაინით არის გარშემორტყმული, მეოთხე მხრიდან კი მას ემიჯნება რკინიგზა, რომელსაც ასევე ღობე აქვს შემოვლებული. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ამ „აპენდიციტში“ რუსეთის ფედერაციის 350 მოქალაქე ცხოვრობს.

„სამწუხაროა, რომ უკრაინა გამოგვეყო, – პასუხობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალბატონი ღობის შესახებ შეკითხვას, – წინათ თქვენთან ხშირად დავდიოდით, ახლა კი რაღაა“.

რუსული მედია იუწყებოდა, რომ ჩერტკოვოში არის სახლები, რომლებიც დღემდე უკრაინის კომუნალურ სამსახურებთან არის მიერთებული, და მის გამო რუსები კომუნალურ გადასახადების უკრაინული ფასების მიხედვით იხდიან. ამ მაცხოვრებელთა ნაწილი ჩერტკოვოდან გადასახლების პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ