როგორ ცხოვრობენ შინაური და უპატრონო მაწანწალა ძაღლები ბაქოში? JAMnews-ის რეპორტაჟი" />

კატების ქალაქის ძაღლები

როგორ ცხოვრობენ შინაური და უპატრონო მაწანწალა ძაღლები ბაქოში? JAMnews-ის რეპორტაჟი

თუკი ბაქოში მცხოვრებ ძაღლს სახლი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მას ძალიან გაუმართლა. ბაქოელების უმრავლესობა ცხოველების – განსაკუთრებით კი ძაღლების – სახლში დატოვებას ერიდება, იმიტომ რომ აქაურ დიასახლისებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ სისუფთავის მიმართ. და თუკი მოციქულმა მოჰამადმა თავის მიმდევრებს კატების მიმართ გულმოწყალების გამოჩენა უბრძანა, ძაღლებს ამ მხრივ ბევრად უფრო ნაკლებად გაუმართლათ. ისლამის სწავლება ძაღლს ცალსახად ბინძურ ცხოველად მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქაურებს ჭირის დღესავით სძულთ ძაღლები – აზერბაიჯანული ისლამი ნამდვილად არ არის ასეთი რადიკალური. ბაქოში დობერმანების პატრონებსაც შეხვდებით და ყელზე საბელგამობმული ფინიების მფლობელებსაც. ამას გარდა, ქალაქში დარაჯი ძაღლებიც ცხოვრობენ, და მაწანწალებიც. არსებობს კინოლოგთა კავშირი და ყოველწლიურად ძაღლების საერთაშორისო გამოფენებიც იმართება, მაგრამ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, აქ ქუჩის ძაღლების მიმართ შიშს უფრო გრძნობენ, ვიდრე სიბრალულს.

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კატებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს, ძაღლები კი შეავიწროვეს და ბაქოს გარეუბნებისკენ გარეკეს, სადაც, სხვათა შორის, ძალიან სახიფათო ჯოგებად ერთიანდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით “ფეისბუკის” ბაქოურ სეგმენტში დროდადრო “ფიცხელი ომი” იმართება ხოლმე. რა მოვუხერხოთ ამ, ფაქტობრივად, ველურ ცხოველებს? თავშესაფრები ავუშენოთ, თუ დავხოცოთ?

2010-იანების დასაწყისში უსახლკარო ძაღლების პრობლემით “საბაჩიი იაშიკი” დაკავდა. ძაღლებს ხოცავდნენ და შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამას მორალური წესების დარღვევით აკეთებდნენ – ზოგჯერ საერთოდ ეზოებში, ბავშვების თანდასწრებითაც ახდენდნენ ცხოველების ლიკვიდაციას, რასაც ცხოველთა დამცველების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსლებში გამართულმა დებატებმა და პრესაში დაბეჭდილმა პუბლიკაციებმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესდა. ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით ხოცვა შეწყდა. ჰეიდარ ალიევის ფონდმა უსახლკარო ცხოველების გადარჩენის ცენტრისა და თავშესაფრის (IACC-ის) მშენებლობა დააფინანსა (ეს ობიექტი მიმდინარე წლის მაისში გაიხსნა). არსებობს სხვა თავშესაფრებიც, რომემლებსაც მოხალისეთა ჯგუფები (ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა Bars და “პატარა პრინცი”) აფინანსებენ. თუკი გსურთ, ოთხფეხა მეგობარი გყავდეთ, შეგიძლიათ ამ დაწესებულებებს მიმართოთ. აქ ნებისმიერი ჯიშის ძაღლის პოვნა შეიძლება.


ასევე წაიკითხეთ