კვლევა 1-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა" />

Edison Research: გრიგოლ ვაშაძე – 56%, სალომე ზურაბიშვილი – 44%

კვლევა 1-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა

ამერიკული კომპანიის Edison Research-ის სოციალური გამოკითხვების თანახმად, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე ჩატარდა, ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

გამოკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის დაკვეთით ჩატარდა.

კითხვაზე: „ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 56%-მა უპირატესობა გრიგოლ ვაშაძეს მიანიჭა, 44%-მა კი – სალომე ზურაბიშვილს.

გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, დღეს კი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [მიხეილ სააკაშვილის პარტიის] წევრია. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმოადგენს; სალომე ზურაბიშვილი – ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.

გამოკითხვა 1-დან 9 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში სულ 2 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების ცდომილება +/-3%-ია.

კომპანია Edison Research-ის მიერ პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები რეალურთან ძალიან ახლოს იყო, რაც ამ კომპანიას მეტ სანდოობას სძენს.

28 ოქტომბერს საქართველომ ისტორიაში პირველად ვერ შეძლო პრეზიდენტის პირველი ტურით არჩევა.

მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბერს ჩატარდება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ინტრიგა უზარმაზარია. პირველ ტურში მეტოქეების ხმები თითქმის თანაბრად გაიყო – სალომე ზურაბიშვილმა (სახელისუფლებო კანდიდატი) ხმათა 38,64 პროცენტი დააგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი (ოპოზიციის კანდიდატი) – 37,73 პროცენტი.


ასევე წაიკითხეთ