ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს
რუსეთში გაქირავებაში გამოვიდა ბოევიკი „ჰანტერი ქილერი“, რომელიც გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩენენ სპეც-სამსახურები რუსეთის პრეზიდენტს. 25 ოქტომბერს ფილმი გაქირავებაში უკრაინაშიც უნდა გამოსულიყო – მაგრამ ის აკრძალეს – „რუსული არმიის დადებითი სახით წარმოჩენის“ გამო.
„ჰრომადსკოე“ გვიამბობს, თუ რა არის ამის შესახებ ცნობილი.
• ამერიკულმა გამოცემამ ქართული ფილმი 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში შეიტანა
• აზერბაიჯანში რუსეთის კვალდაკვალ აკრძალეს ფილმი „სტალინის სიკვდილი“
არასასურველია რუსეთში (და რამდენიმე სპოილერი)
ფილმი გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობს ამერიკის წყალქვეშა ნავის, „ჰანტერ ქილერის“ ეკიპაჟი რუსეთის პრეზიდენტის იმ ამბოხებულთაგან დაცვის ოპერაციაში, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას ამზადებენ. კინოსურათის სიუჟეტის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს საკუთარი პრეზიდენტი მძევლად აჰყავს (ფილმში მისი გვარია – ზაკარინი), ამერიკელები კი, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ამას, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, გადარჩენის ოპერაციას იწყებენ. საბოლოოდ პრეზიდენტს „ზღვის ლომების“ რაზმი გადაარჩენს, რუსეთისა და ამერიკის წყალქვეშა ნავების კაპიტნები გახარებულები არიან, რადგან ბირთვული ომი აღკვეთეს.
1 ნოემბერს ფილმი რუსეთის კინოგაქირავებაში უნდა გამოსულიყო. თუმცა, ერთი დღით ადრე კინოსურათების „Megogo Distribution“-ის დისტრიბუტორმა კომპანიამ კინოთეატრებს აცნობა, რომ ფილმმა რუსეთში გაქირავების დასტური ვერ მიიღო. მოგვიანებით რუსეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დასტურისთვის საჭირო დოკუმენტები მათთან დროულად არ მივიდა. როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, ფილმის მყარი დისკი მხოლოდ 30 ოქტომბერს ჩააბარეს, ამიტომ „გოსფილმფონდმა“ ამ ასლის სათანადო ხარისხის შემოწმება ვერ შეძლო. ორგანიზაციის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ტელნოვის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტას, მიწოდების მომენტიდან 3-4 დღე დასჭირდება.
„უბრალოდ, ყველა დოკუმენტი სათანადო სახით უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ პაველ სტეპანოვმა.
ჯერჯერობით უცნობია, გამოვა თუ რა ეს ფილმი რუსეთში კინოგაქირავებაში.
არასასურველია უკრაინაში
უკრაინაში კი ფილმი გაქირავებაში ნამდვილად არ გამოვა – ის აკრძალეს ჯერ კიდევ 25 ოქტომბერს, როდესაც ფილმის ჩვენება აშშ-ში დაიწყეს და უკრაინაშიც გეგმავდნენ. უკრაინის კულტურის სამინისტრომ ფილმს გაქირავების ცნობა არ მისცა, რაც უკრაინის კინემატოგრაფიის შესახებ კანონით განმარტა. ამ კანონს, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს მიიღეს, 2015 წელს დაამატეს მუხლი, რომელიც კრძალავს „იმ ფილმების გავრცელებასა და დემონსტრირებას, რომლებიც აგრესორი სახელმწიფოს ორგანოების, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოთა ორგანოების პოპულარიზაციას ახდენს“. ამ მუხლის თანახმად, უკრაინაში ნებისმიერი წარმოების ფილმის (არამხოლოდ რუსული), რომელიც აგრესორი-სახელმწიფოს ორგანოების, ან სსრკ-ს დადებით სახეს ქმნის, ჩვენება აკრძალულია.
„მე ეს ფილმი ვნახე, მასში რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის არმიის ადმირალის დადებითი სახეა ნაჩვენები, ამიტომაც კანონი მის ჩვენებას კრძალავს. საექსპერტო კომისიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განუმარტა „ჰრომადსკოეს“ „გოსკინოსთან“ არსებული ფილმების ჩვენებისა და გავრცელების საექსპერტო კომისიის წევრმა სერგეი სტუკანოვმა.
მან დასძინა, რომ უცნობია, მიადგათ თუ არა ზარალი კინოთეატრებს, თუმცა მიაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა: „დისტრიბუტორები უკვე თავადაც ხვდებიან, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ამ ფილმის თაობაზე კი ყველაფერი გასაგები იყო“. თუმცა, ზოგიერთმა კინოთეატრმა ეს ფილმი მაინც დააანონსა, შემდეგ კი დაწერეს, რომ ფილმი „გაქირავებიდან მოიხსნა“.