სავარაუდოდ ზაფხულში, საქართველო მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს
BioNTech-Pfizer მზად არის მიაწოდოს საქართველოს 1 მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ტელეკომპანია “ფორმულას” დაუდასტურა.
”დასრულებულია მოლაპარაკებები SARS-CoV2– ის საწინააღმდეგო BNT162b2 ვაქცინის ერთ მილიონ დოზაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”, – ამბობენ Pfizer– ის წარმომადგენლები.
კომპანია არ აკონკრეტებს მიწოდების კონკრეტულ თარიღს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებული თარიღი – 2021 წლის ზაფხული.
საერთაშორისო პლატფორმის, COVAX-ის მეშვეობით, მარტში საქართველომ მიიღო ამერიკული Pfizer– ისა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech– ის მიერ შემუშავებული ვაქცინის პირველი პარტია – 29 250 დოზა. ამ პრეპარატით ვაქცინაცია ჩაუტარდათ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, შესაბამისად, ფაიზერის ყველა დოზა საქართველოში ამოწურულია.
ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაფართოვდა. ახლა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა შეუძლია საქართველოს ყველა 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეს.
ვაქცინაციის დაწყებიდან – 15 მარტიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 101,415 მოქალაქეს ჩაუტარდა. აქედან 15 874-მა მიიღო ვაქცინის ორივე დოზა.
_____________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_______________________________
საქართველოში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. ქვეყანაში ყოველდღიურად ათასზე მეტი ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მაისის ბოლოს ვითარება დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – 17 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ ორს – “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ჰქონდა გავლილი ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოფარმს” ჯანმომ ავტორიზაცია 6 მაისს მიანიჭა.