სომხეთი და აზერბაიჯანი 18 ოქტომბრის შუაღამიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
18 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ძალაში შევიდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.
”ეს გადაწყვეტილება მიღებულია საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების 1 ოქტომბრის განცხადების, ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 ოქტომბრის განცხადებისა და 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე”, – ნათქვამია აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდებზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და ზოჰრაბ მნაცაკანიანის სატელეფონო საუბრების ზოგიერთი დეტალი გამოაქვეყნა:
• მოლაპარაკებების დროს ხაზგასმით აღინიშნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის აუცილებლობა, რომელსაც მხარეებმა 10 ოქტომბერს მოსკოვში მიაღწიეს.
• მხარეებმა დაადასტურეს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა არსებითი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით ძირითადი პრინციპების საფუძველზე ადრეული მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად.
• ხაზი გაესვა მთიანი ყარაბაღის შესახებ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 1 ოქტომბრის განცხადების აქტუალურობას.
• ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის სასტიკი ბრძოლები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ოფიციალურად, ორივე მხრიდან დაიღუპა 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე, ათასობით დაიჭრა. არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას მოწინააღმდეგის ტექნიკის დიდი დანაკარგების შესახებ და ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
• ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.
სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი და მის გარშემო ტერიტორია ომის პირობებშია ოკუპირებული და ითხოვს დაბრუნებას.
კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებმა საერთაშორისო დონეზე ამ დრომდე შედეგი ვერ გამოიღო. სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისა ბოლო გაელვება ე.წ. “აპრილის ომის”, იგივე “ოთხდღიანი ომის” დროს მოხდა 2016 წლის აპრილში. შედეგად ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.