თორნიკე შარაშენიძე: საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტში უმკაცრესი ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გარშემო დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დიდ ომში არ გადაიზრდება, საქართველს მთავარი ამოცანა კი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაა.
“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უმკაცრესი ნეიტრალიტეტი და არავის მივცეთ საშუალება რაიმე დაგვაბრალოს და რაიმეში ჩაგვითრიოს”, – უთხრა JAMnews-ს შარაშენიძემ.
• მოსაზრება: ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია კიდევ ერთ შანსს გვაძლევს ოსებთან ურთიერთობა დავალაგოთ
• იცვლება თუ არა საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით?
მისი თქმით, თუ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდა, საქართველოსთვის კონფლიქტის ამჟამინდელი აფეთქება არაფერს შეცვლის. ხოლო დიდი ომი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან “სტატუს კვოს დანგრევა რუსეთს არ აწყობს”.
იმ შემთვევაში კი, თუ კონფლიქტის ესკალაცია მაინც მოხდა და ის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, შარაშენიძის აზრით, მთავარი რისკი ქვეყნისთვის ამ კონფლიქტის საქართველოზე გავრცელება, “გადმოდინება” იქნება. პირველ რიგში ლტოლვილების ნაკადის სახით. ასევე, მისი აზრით, გარკვეული საფრთხე ქვეყანაზე გამავალ მილსადენებს შეექმნება.
კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო დერეფანი მოითხოვოს, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ “იმედია, საქმე აქამდე არ მივა. თავად რუსეთისთვისაც არ იქნება იოლი. რადგან მოსკოვი, წესით, აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ უარყოფით რეაქციას გაითვალისწინებს”.