თბილისში უწყვეტი პროტესტის ორი წლისთავზე ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა
უწყვეტი პროტესტის ორი წლის თავი

თბილისში 28 ნოემბერს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამ დღეს უწყვეტ პროევროპულ პროტესტს ორი წელი შეუსრულდა. დედაქალაქის სამი წერტილიდან დაძრული მსვლელობები თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა. აქცია ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ გაიმართა.
ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებდა. იმ საღამოს დაწყებული აქციები სხვადასხვა მასშტაბით დღემდე უწყვეტად გრძელდება. შაბათს 730-ე დღე იყო.
სამი მარში, ერთი მოედანი
მონაწილეები საღამოს შვიდ საათზე სამ ადგილას შეიკრიბნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ავლაბრის მეტროსთან და ორბელიანის მოედანზე. თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ.
უნივერსიტეტიდან სვლას „ოპოზიციის ალიანსი“ ხელმძღვანელობდა. ავლაბრიდან რიგით 50-ე „შაბათის მარში“ დაიძრა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. ორბელიანის მოედნიდან ახლად შექმნილი სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი მხარდამჭერები წამოვიდნენ.
ოპოზიციის ორმა ყველაზე დიდმა ძალამ აქციამდე ცალ-ცალკე გაავრცელა მოწოდება და მომხრეებს სხვადასხვა ადგილას შეკრება სთხოვა. ორივე მსვლელობა საბოლოოდ თავისუფლების მოედანზე მივიდა.
მოედანზე სცენა იდგა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს და ორივე ჰიმნი შეასრულეს.
რა თქვეს სცენიდან
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა.
„დროას“ ლიდერმა გიგა ლემონჯავამ თქვა, რომ რეჟიმს ბზარები გაუჩნდა და ორი წლის შემდეგ ათიათასობით ადამიანი ისევ ქუჩაშია. მისი თქმით, მოედანზე დგანან ისინი, ვინც ახმეტელ ექიმს 53 წუთში 50 ათასი ლარი შეუგროვეს, და ილიაუნის სტუდენტები, რომლებმაც ავადმყოფი ბავშვებისთვის რამდენიმე დღეში ორი მილიონი ლარი მოაგროვეს.
„ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში – ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვება გარდაუვალია!“
● უწყვეტი პროტესტის ერთი წელი. ვიდეო ბლოგი „პროტესტი საქართველოში“
● პროევროპული პროტესტის 300-ზე მეტი მონაწილე ნაცემი და დაკავებულია. აქ მათი ისტორიებია
● „აქციის გაშუქებისას 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა“ – CMIS
ფედერალისტების წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მომიტინგეებს მოუწოდა, ოპოზიციამ წინასწარ შეათანხმოს, რა მოხდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ:
„გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას და შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე?!“
ნიკა გვარამიამ ცვლილება რიცხობრიობას დაუკავშირა: „ცვლილება არის ჰაერში და როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია“.
აქციის მონაწილე პარტიების ერთობლივ მიმართვაში, რადიო თავისუფლების ცნობით, ეწერა: „საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს, ევროპული მომავლის დაბრუნებას“.
აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
დაპირისპირება ბანერის გამო
აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი ბანერი გახდა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერზე ეწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბანერის მფლობელს ჰკითხა: „პროვოკატორი ხარ?“ მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა:
„ჩვენს მომხრეებს პროვოკატორები უფრიალებდნენ ბანერებს. ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი, უარყოფით კონტექსტში ბანერი, რაზეც მათ ჰქონდათ ბუნებრივი რეაქცია“.

ფავლენიშვილის ვარაუდით, ბანერის ავტორები „ფედერალისტები“ იყვნენ, თუმცა მისი თქმით, ეს ზუსტად არ იცის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ ბანერის ფოტო ფეისბუკზე გამოაქვეყნა და იკითხა, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატის დაბეჭდვა და აქციაზე მოტანა.
მან ორგანიზატორებს ისიც დაუწუნა, რომ მისი პარტიის წარმომადგენელს სცენაზე სიტყვა არ მისცეს: „ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?“
სააკაშვილის ბანერებზე კამათი ოპოზიციაში ახალი არ არის. ერთი თვით ადრე, ოქტომბრის აქციის შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა:
„ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს“.
ხელისუფლების პასუხი
აქციის პარალელურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში გამოვიდა.
ის ამტკიცებდა, რომ პროტესტის მიზეზი 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება არ ყოფილა:
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ აქციები არ დაწყებულა 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს…“
მისივე თქმით, „ორჯერ გვქონდა რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი“.
კობახიძის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან დიალოგი საქართველოს არ შეუწყვეტია. „ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, განაცხადა პრემიერმა.
მისივე სიტყვით, მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც მზადაა, მაგრამ ვაშინგტონისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.
2024 წლის 28 ნოემბრის ბრიფინგზე კობახიძემ პირდაპირ თქვა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილები
აქციის დღეს მხარდაჭერის განცხადებები რამდენიმე ევროპარლამენტარმა გაავრცელა. პოლონელმა კშიშტოფ ბრეიზამ დაწერა:
„ჩვენ გვახსოვს ყველა პოლიტპატიმარი და ვითხოვთ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას“.
ავსტრიელმა რაინჰოლდ ლოპატკამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება მოითხოვა. ლიეტუველმა რასა იუკნევიჩიენემ X-ზე აქციის ვიდეო გააზიარა და ქართველებს „საოცრებები“ უწოდა.
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პაატა ჯანელიძემ დაწერა, რომ ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება გაუმართლებელი იყო და ქვეყანას ზიანი მიაყენა.
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ რამდენიმე დღით ადრე მოუწოდებდა: „28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე“.










ორი წლის შემდეგ
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ამ შეფასებას რადიო თავისუფლება იმოწმებს. იმავე პერიოდში ევროკავშირთან ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთთან კი დაახლოება დაიწყო: აღდგა პირდაპირი ავიარეისები მოსკოვთან.
აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან 2024 წლის დეკემბერში შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით ახსნა.
ორი წლის განმავლობაში აქციების ათობით მონაწილე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. მომიტინგეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ერთ-ერთი პირველი დაკავებული მზია ამაღლობელია, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი. ის 2025 წლის იანვარში ბათუმში დააპატიმრეს.