დიპლომატები ბაქოში: უკავშირდება თუ არა ვიზიტები აზერბაიჯანის ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილს?
დიპლომატიური ვიზიტები ბაქოში და ეუთო
17-26 ნოემბერს აზერბაიჯანს გერმანიის, იტალიის, საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი ეწვივნენ. 27 ნოემბერს ბაქოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ელოდებიან.
ოფიციალური განცხადებების თანახმად, მოლაპარაკებების მთავარი თემებია ენერგეტიკა, შუა დერეფნის განვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი.
თუმცა ეს ვიზიტები სხვა დიპლომატიური პროცესის გადამწყვეტ ეტაპს დაემთხვა. 19 ნოემბერს ვენაში აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მზად არის, ეუთოს თავმჯდომარეობა იკისროს.
ორგანიზაციის თავმჯდომარეობის საკითხი 2027-2029 წლებში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილება, რომელიც 3-4 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართება.
რა მიზანს ემსახურება უცხოელი მაღალჩინოსნების ასეთი ინტენსიური ვიზიტები ბაქოში და უკავშირდება თუ არა ისინი აზერბაიჯანის სურვილს, ეუთოს თავმჯდომარეობა მოიპოვოს?
ვინ და რა მიზნით ჩავიდა ბაქოში?
ოფიციალური განცხადებების თანახმად, ვიზიტების მთავარი თემები იყო:
– გერმანია, 17-18 ნოემბერი. პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულის შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება გერმანიისთვის, რომელიც წელს დაიწყო, შუა დერეფნის განვითარება და „საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა“. ბაქოდან ვადეფული ერევანში გაემგზავრა.
– აშშ, 22 ნოემბერი. შიდა უსაფრთხოების მინისტრმა მარკვეინ მალინმა ალიევთან შეხვედრაზე სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის, TRIPP-ის, საკითხი წამოჭრა. მომდევნო დღეს პროექტის განხორციელების დაწყების შესახებ გამოცხადდა.
– იტალია, 22-23 ნოემბერი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი იტალიისთვის ნავთობის მოცულობით მეორე, ხოლო გაზის მოცულობით მესამე უმსხვილესი მიმწოდებელია. უწყებაში აღნიშნეს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისის ფონზე აზერბაიჯანი იტალიის „სტრატეგიული და საიმედო პარტნიორია“ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ასევე დაესწრო ბიზნესფორუმს, რომელზეც 240-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
– მონტენეგრო, 24 ნოემბერი. პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა ისაუბრა მონტენეგროს ეკონომიკაში აზერბაიჯანული ინვესტიციების შესახებ.
– საქართველო, 24 ნოემბერი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკითხები.
– ლიეტუვა, 25-26 ნოემბერი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ 2027 წლის იანვრიდან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ლიეტუვისთვის გადაცემის შემდეგ, ვილნიუსი აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესის ინიცირებას გეგმავს. ალიევთან შეხვედრაზე ბუდრისმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა იგეგმება.
არც ერთი მხარის ოფიციალურ განცხადებაში აზერბაიჯანის მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვების საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
რა წყდება ეუთოში?
ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე შვეიცარიაა. 19 ნოემბერს ვენაში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა შესთავაზა ორგანიზაციას, ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ ეუთოს.
შვეიცარიული მხარის აზრით, ასეთი მიდგომა ორგანიზაციის საქმიანობის უწყვეტობასა და რეგიონული ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს.
ეუთოს მონაცემებით, სხდომაზე აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ავსტრიამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ მზად არიან, ორგანიზაციის თავმჯდომარეობა იკისრონ. კვიპროსმა და საქართველომ საკუთარი კანდიდატურები დაადასტურეს, თუმცა მათ შესახებ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის.
გადაწყვეტილება ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოს კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მათგანს, მათ შორის სომხეთს, შეუძლია ნებისმიერი კანდიდატურის დაბლოკვა. 2027 წლის თავმჯდომარეობაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის კანდიდატურასაც წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერა ასევე არ მიუღია, იმავე კვირაში ბაქოს ეწვია. თუმცა მხარეთა ოფიციალურ განცხადებებში ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
ბაქოსა და ეუთოს ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში დაძაბული იყო. 2015 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ ბაქოში ეუთოს პროექტების კოორდინატორთან გაფორმებული მემორანდუმი გააუქმა და მისი ოფისის საქმიანობა შეწყვიტა.
ეუთოს მინსკის პროცესიც, რომლის ფარგლებშიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შუამავლობა მიმდინარეობდა, 2025 წლის სექტემბერში, ბაქოსა და ერევნის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყდა. ახლა კი აზერბაიჯანი თავად ცდილობს ორგანიზაციის თავმჯდომარეობის მოპოვებას.
ბაქოში ჩასული ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ეუთოს წევრი სახელმწიფოა. ზოგიერთ მათგანს მოახლოებული გადაწყვეტილების კონტექსტში განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს: იტალია და გერმანია ევროკავშირის უდიდეს ქვეყნებს შორის არიან, ლიეტუვა იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება, ხოლო აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლს ასრულებს.
ვინ გამოდის აზერბაიჯანის კანდიდატურის წინააღმდეგ?
აზერბაიჯანის კანდიდატურას პირველი ღიად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 23 ნოემბერს უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights House Foundation-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ მიმართვას 46-მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. მათ შორის არიან წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), ამერიკული ორგანიზაცია Freedom Now, აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და დამოუკიდებელ იურისტთა ქსელი.
მიმართვის ავტორები ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ აზერბაიჯანის კანდიდატურას ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე.
ისინი ეყრდნობიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2026 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანში 328 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის 31 ჟურნალისტი.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
აზერბაიჯანის მთავრობას უფლებადამცველთა მიმართვასა და ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
შესაძლო შეწყალება და სხვა ვერსიები
ბაქოში გახშირებულ დიპლომატიურ ვიზიტებს ყურადღება მიაქცია პარტია REAL-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი მისი პოლიტიკური კომიტეტის წევრმა ილგარ მამედოვმა.
მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა აზერბაიჯანის სურვილი იყოს, ეუთოს თავმჯდომარეობა მოიპოვოს:
„თუ მიზეზი ეს არის, მაშინ წლის ბოლოს შეწყალების გზით პოლიტიკური პატიმრების ნაწილის გათავისუფლების შესაძლებლობაც განიხილება, რათა წევრმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის მხარდაჭერის დასაბუთება შეძლონ“.
მამედოვი სხვა ვერსიებსაც არ გამორიცხავს. მისი აზრით, ირანის გარშემო დაძაბულობის ზრდასთან რომ ყოფილიყო ვიზიტები დაკავშირებული, ამას ნავთობის ფასის მატებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ეს არ ხდება.
პოლიტიკოსის შეფასებით, გაზზე ფასების შესაძლო ზრდის ვერსია ვიზიტების გეოგრაფიას უკეთ ხსნის, თუმცა ისიც ვერ იძლევა მომხდარის სრულ სურათს.
შესაძლო შეწყალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თავად მამედოვიც ამ საკითხს მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო სცენარად განიხილავს.
რას უნდა ველოდოთ ლუგანოს შეხვედრისგან?
ეუთოს თავმჯდომარეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ლუგანოში, კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. შვეიცარიულმა მხარემ განაცხადა, რომ კონსულტაციები ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომამდე გაგრძელდება.
თუმცა ბაქოს დიპლომატიური დღის წესრიგი მხოლოდ ამ საკითხით არ შემოიფარგლება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მიიჩნევს, რომ ლიეტუვის მიერ იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყება კარგი შესაძლებლობა იქნება 2027 წლის პირველ ნახევარში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის წინ წასაწევად.
ამასთან, ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სავიზო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის დონეზე მიიღება.
27 ნოემბერს ბაქოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ელოდებიან. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომამდე ლუგანოში კი ერთი კვირა რჩება.
დიპლომატიური ვიზიტები ბაქოში და ეუთო