გალუზინმა სანქციების მოხსნის ნაცვლად ახალი სანქციები დააანონსა
ზურაბაშვილი და გალუზინი

რუსეთთან განახლებული დიალოგის პირველმა შეხვედრამ ქართულ სასმელებზე დაწესებული შეზღუდვები ვერ მოხსნა. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ პირიქით – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა 19 ნოემბერს მინსკში კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირების გეგმა გააცნო.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს და ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილების უკან შესაძლოა „დიფ სთეითი” იდგეს, რომელმაც, მისი ვარაუდით, რუსი საშუალო რგოლის ჩინოვნიკები მოისყიდა.
რა უთხრა გალუზინმა ზურაბაშვილს
ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. ოქტომბრიდან ის ასევე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 19 ნოემბერს მინსკში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო ამ თანამდებობაზე.
შეხვედრის შინაარსზე ზურაბაშვილმა პირველად 25 ნოემბერს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ქართული მხარისთვის მთავარი იყო ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება.
● მოსკოვი თბილისთან დიალოგის აღდგენაზე საუბრობს: ზურაბაშვილთან დიალოგს რუსეთის მხრიდან გალუზინი გაუძღვება
● „ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ – რუსეთი საქართველოსთან დაახლოების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს
● „მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ“ – მიხაილ გალუზინი
● კრემლის გზავნილი თბილისს: რუსეთთან დიპლომატიური კავშირები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
რუსეთმა ოქტომბერში შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. მათგან ოთხი ღვინის კომპანიაა: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინენი“ და „ასკანელი ძმები“. სიაში ასევე მოხვდა „ჯორჯიან ბირ კომპანის“ ლუდი, საქართველოში ჩამოსხმული „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.
ზურაბაშვილის გადმოცემით, გალუზინმა შეზღუდვები სამი მიზეზით ახსნა: პროდუქციის ხარისხით, ბრალდებით, რომ კომპანიები უკრაინის ომს აფინანსებენ, და „ანტირუსული ნარატივით“. ზურაბაშვილმა სამივე ბრალდება უარყო. მის მოლოდინს, რომ შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ახალი ცნობა მოჰყვა.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება“, თქვა ზურაბაშვილმა. მისი თქმით, გალუზინს ბრალდებების დასადასტურებლად არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია. „ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“.
ზურაბაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ რამდენიმე ტექნიკური საკითხი დააყენა, რუსულმა კი დაახლოებით ათი, ძირითადად ჰუმანიტარული. მაგალითად მან დონის უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების შეთავაზება დაასახელა. მისი შეფასებით, ეს საკითხები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ოპოზიციას აძლიერებს. სხვა საკითხები მას არ დაუსახელებია.
ვინ გააფრთხილა ზურაბაშვილი
პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ამტკიცებს, რომ ზურაბაშვილი კიდევ ორი კომპანიის შესახებ ჯერ კიდევ თბილისში გააფრთხილეს. ფიფიას თქმით, ეს კომპანიებია „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
კობახიძემ დაადასტურა, რომ მინსკის შეხვედრამდე თბილისში რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს ხელმძღვანელი იური ბალაშოვი იმყოფებოდა. პრემიერის თქმით, ბალაშოვი წლის ბოლომდე ყველა კომპანიის სიიდან ამოღებას ჰპირდებოდა, შემდეგ კი მისი პოზიცია შეიცვალა. იგივე პოზიცია, კობახიძის თქმით, გალუზინმაც გაიმეორა.
„დიფ სთეითი“ მოსკოვშიც
კობახიძემ გალუზინის არგუმენტები აბსურდულად შეაფასა და თქვა, რომ თბილისი შეზღუდვების სიის სრულ გაუქმებას ელოდა. მან რუსეთის ქმედება ევროპულ ბიუროკრატიას შეადარა, რომელიც, მისი მტკიცებით, „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
პრემიერმა გვარები არ დაასახელა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში განიხილავენ. მისი თქმით, დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
მოსკოვში, თბილისში თუ არსად
შეხვედრიდან ექვსი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვებს მიესალმა.
ბოჭორიშვილი მოუწოდებდა, რომ რუსეთთან საუბრის შიში დაიძლიოს. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა კი რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ის ცნობით თქვა, რომ მხარეებმა ურთიერთნდობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და მოლაპარაკებები შესაძლოა დედაქალაქებში გადავიდეს.
ბოჭორიშვილმა ეს უარყო: მისი თქმით, მოსკოვში ან თბილისში შეხვედრებზე არც შეთავაზება არსებობს და არც გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ბელარუსი მოლაპარაკების მხარე არ არის და მის შედეგებზე ინფორმაცია არ აქვს.
მეორე დღეს კობახიძემ თქვა, რომ შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით გაიმართოს მოსკოვსა და თბილისში. პრემიერის თქმით, ეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხეს არ უქმნის, ისევე როგორც დროშების განთავსება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის დროსა და ადგილს პრემიერი გადაწყვეტს. მისი თქმით, საქართველოს დროშის ფრიალი რუსეთშიც საამაყო იქნება.
პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ოკუპაციის საკითხი მოლაპარაკებებზე აუცილებლად უნდა იყოს. „რა გგონიათ, სპეცწარმომადგენელი ჩავა შეხვედრაზე და ღვინოსა და მწვანილზე ისაუბრებს და არ ისაუბრებს მთავარ პრობლემაზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს?“ თქვა მან.
ზურაბაშვილმაც „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ დიალოგი სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის საკითხების განსახილველად არის საჭირო. საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური ფორმატი 2012 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ ვაჭრობას, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა. ის ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის ფორმატად არის ცნობილი. ზურაბაშვილის დანიშვნამდე პოსტი 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.
„კომუნიკაციური მარცხი“: შეფასებები
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დიალოგი საჭიროა, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს. მან სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს. მისი თქმით, მინსკი ნეიტრალურ ადგილად ვერ ჩაითვლება. ის ზურაბაშვილის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს და ახსენებს გალუზინის დიპლომატიურ გამოცდილებას, მათ შორის ელჩობას იაპონიაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ ქართველი ჩინოვნიკის ბელარუსში ჩასვლა ხელისუფლების სამშვიდობო რიტორიკას ეწინააღმდეგება.
„არ არის ეს „მშვიდობა მინდა“, ეს არის გვერდიდან შემხებლობით, მაგრამ ომთან შეხება რუსეთის მხარეს“, თქვა მან. გვარამია ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ საზოგადოებას აცნობოს, რაზე ისაუბრეს მინსკში.
“ნაციონალური მოძროაბის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების მოსკოვში გადატანა დიპლომატიური კატასტროფა იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება საიდუმლოდ“, განაცხადა მან. დეკანოიძის ვარაუდით, ზურაბაშვილი გალუზინის თბილისში ჩამოსვლას დათანხმდა. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
„ლელო ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ხელისუფლება „კაპიტულაციის ახალ ფაზას“ ამზადებს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზარდა და შანტაჟის ბერკეტები თავად გადასცა მოსკოვს.
ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს: „გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე“.
ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩთან
26 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
„ტვ პირველის“ ცნობით, რეზოლუციას 441 დეპუტატმა მისცა ხმა. დოკუმენტი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ის ასევე სანქციებისკენ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ.
იმავე დღეს ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან რეზოლუცია ქვეყნის შესახებ „ცრუ ნარატივების“ გავრცელების მცდელობად შეაფასა. ზურაბაშვილმა ევროკავშირს ასევე სთხოვა, დაასახელოს პირები, რომლებსაც ის თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევს.
კობახიძემ დებატებს ასე უპასუხა: „ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აბსურდშია შესული“. პაპუაშვილმა ევროპარლამენტს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია უწოდა.