ვაქცინა, ოქტომბრის არჩევნები, რუსული აგრესია - რაზე ისაუბრა საქართველოში ამერიკის დელეგაციამ
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია. სენატორებმა ხელისუფლებასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართეს. მათ ყველა ის თემა მიმოიხილეს, რაზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.
აშშ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუგზავნის
დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, აშშ საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, ვისაც ოფიციალური ვაშინგტონი ვაქცინას გაუგზავნის, თუმცა დოზების რა რაოდენობაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
“ოფიციალურმა თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აშშ-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიიღებს”, – განაცხადა სენატორმა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი 25 მილიონი დოზა ვაქცინის განაწილების სქემა გამოაქვეყნა:
19 მილიონი დოზა მიეცემა კოვაქსს და იქიდან გადაუნაწილდება:
● 6 მილიონი ლათინურ ამერიკას
● 7 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას
● 7 მილიონი აფრიკას
დარჩენილი 6 მილიონი დოზა მიეცემათ ამერიკის მეზობლებს და პარტნიორ ქვეყნებს:
● კანადა, მექსიკა, ჰაიტი
● საქართველო, უკრაინა, კოსოვო
● ღაზა, დასავლეთ ნაპირი, ერაყი, იორდანია, იემენი
რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა
ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კონგრესის დელეგაცია საქართველოში აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა.
სენატორმა ვრცლად ისაუბრა ბელარუსში ჟურნალისტის დასაკავებლად თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და ყირიმის ანექსიაზე:
“ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, დააშინოს ამ რეგიონში ის ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დასავლეთის გზა, რადგან უკეთეს ცხოვრებას ხედავენ, ვიდრე რუსეთს შეუძლია, მათ შესთავაზოს.
სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას და დავრწმუნდეთ, რომ გააგრძელებთ რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. აშშ არის საქართველოს მტკიცე პარტნიორი და ჩვენ აქ ვართ, რომ დაგიჭიროთ მხარი და დაგეხმაროთ ამ ძალისხმევაში.”
ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები
სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩასატარებელ თვითმართველობის არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და აშშ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
“რაც შეეხება მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებს, ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება საერთაშორისო საზოგადოება, ყურადღებით დააკვირდება აშშ. ვფიქრობ, იქნებიან დამკვირვებლები როგორც ევროპიდან ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ნახონ, როგორ ჩატარდება არჩევნები. ამიტომ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რეფორმების დღის წესრიგის გაგრძელება”, – თქვა ჯინ შაჰინმა.
მისივე თქმით, საკითხები, რომელსაც დღეს შეხვედრებზე ხაზი გაესვა, იყო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობა და მასში ყველა პარტიის ჩართულობა.
_______________________________
● “მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურებიან
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● კიდევ ერთი. რა წერია მორიგ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ვაშინგტონიდან მიიღო
_______________________________
სენატორი შაჰინი ერთ-ერთი პირველი იყო იმ დასავლელ პოლიტიკოსებს შორის, რომელმაც თებერვალში ნიკა მელიას მოსალოდნელი დაკავება დაგმო და “პოლიტიკური დევნა” უწოდა. მაშინ მან სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯიმ რიშთან ერთად განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებას ადგილი აღარასოდეს უნდა ჰქონდეს.”
რიში და შაჰინი გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩაგდების ფაქტსაც.
სენატორები წერილში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.
აღნიშნულ წერილში ხაზგასმულად მკაცრადაა გაკრიტიკებული ის პროცესები, რომლებიც პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ განვითარდა: მშვიდობიანი მიტინგების დაშლა პარლამენტის შენობასთან, დაპირისპირება “ქართული ოცნების” ოფისთან ხელისუფლების მომხრეებსა და ოპონენტებს შორის, ასევე დაპირისპირების სხვა ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჯიმ რიში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორია. ხოლო ჯინ შაჰინი დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.