"მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ - ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურებიან
ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურებიან და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ:
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ თანამდებობის პირებთან ბევრჯერ წამოგვიჭრია საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულნი ვართ ნიკა მელიას დაკავების გაუქმებით, მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებას ადგილი აღარასოდეს უნდა ჰქონდეს”.
სენატორები ასევე მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნონ პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისთვის.
“იმედი გვაქვს, პოლიტიკური კრიზისი მყისიერად და მშვიდობიანად დასრულდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკელი სენატორების განცხადება ორპარტიულია.
ჯიმ რიში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორია. ხოლო ჯინ შაჰინი დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.
__________________________________________________
● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი
___________________________________________________
ნიკა მელიას საქმეზე განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები.
ასევე, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.
საქართველოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
მეორე დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.
ახალი პრემიერი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.
________________________________________________
● პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა
● სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა