"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" - პარლამენტთან აქცია გაიმართა
უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის
“უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის” – ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, აქციის ორგანიზატორები იყვნენ: “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება”, “ევროპული საქართველო” და “ტაბულა”.
აქციაზე არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე უკრაინაში ომის შესახებ კადრები გაუშვეს, ასევე, ჩართეს უკრაინული სიმღერები და მუსიკოს აჩიკო გულედანის შექმნილი ჰიმნი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების კოლაბორაციაა.
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● 10 ნაბიჯი ევროკავშირისკენ – სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს
● „რუსულო გემო, იდი ნა***“. ქართველი მეზღვაურები, ნიჩბები და რუსეთ-უკრაინის ომის მემები
“სამყარო შავ-თეთრად გაიყო, თავისუფლების მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს და ყველა თავმოყვარე ერის ღირსების საკითხია!
საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ღირსებას გვილახავს,
მტრის ვერ მცნობ და მოყვრის მგმობ საზოგადოებად წარმოგვაჩენს, რომელმაც წარსულიდან ჭკუა ვერ ისწავლა, მზადაა უსაფრთხოების ილუზიისთვის თავისუფლება დათმოს და შედეგად, თავისუფლებაც დაკარგოს და უსაფრთხოებაც!
100 წლის წინ, ჩვენმა დემოკრატიამ სამი წელი გაძლო, სანამ რუსული მონსტრი დაიპყრობდა და ტვინს, გულსა და სულს ამოაცლიდა!
ახლა 30 წელია ვძლებთ! მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ – დიდია საფრთხე თავისუფალ სამყაროსთან დამარცხებული პუტინის გავლენის ჭაობში ჩავრჩეთ და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრების ისტორიული შესაძლებლობა დავკარგოთ“, – ეწერა აქციის საინფორმაციო განცხადებაში.