უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მოინახულა.
ჟურნალისტებთან საუბრისას დენისოვამ აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმით, თუ რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში.
“ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მინდა გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში გუშინ, გვიან ღამით, ადვოკატ ევგენი გრუშოვეცთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა ეს უკანასკნელი საზღვრიდან უკან, სამშობლოში გააბრუნეს.
ადვოკატის თქმით, დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.
“არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, წარმოედგინათ წერილობითი არგუმენტი, რატომ არ მიშვებდნენ. ტესტის პასუხი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი მქონდა. მე ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი – ვუთხარი, სად ვიცხოვრებდი, რას გავაკეთებდი. აბსოლუტურად უარგუმენტოდ არ შემომიშვეს. ვუთხარი, ვისთან მოვდიოდი, მოგვიანებით დოკუმენტიც ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მესაზღვრეებმა ჩემი პასპორტი ეკიპაჟის კაპიტანს მისცეს და ახლა პასპორტიც არ მაქვს”. – თქვა მან “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში
უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს იმასაც, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპარლამენტს, ევროპელ ელჩებსა და უკრაინის პრეზიდენტს.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების უფლება, პროცესუალური უფლებები, რწმენის უფლება, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, ვინც სურთ და არა ისინი, ვისთანაც შეხვედრა მიხეილს სურს. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ამ ინფორმაციას შევატყობინებთ ევროპული ქვეყნების ელჩებს. ჩემს დასკვნას მივწერ ევროპარლამენტს. ახლა მე შევხვდები საქართველოს ომბუცმენს შევხვდები და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა გავაცნო ინფორმაცია, რომელიც მივიღე”, – განაცხადა დენისოვამ.
ომბუდსმენის განმარტებით, იგი ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკა “ვივამედში.”
გარდა ამისა, უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიმდინარე სასამართლო საქმეების საჯაროდ განხილვის უფლება ირღვევა. რაც შეეხება იძულებით კვებას, დენისოვას თქმით, თუ პენიტენციური სამსახური ასეთ გზას მიმართავს, ამ შემთხვევაშიც ადამიანის უფლებათა კონვენციით პატიმრის უფლებები დაირღვევა.
უკრაინელ ადვოკატზე საუბრისას დენისოვამ ხაზი გაუსვა იმას, რომ უფლებადამცველი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან:
“გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან, გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ.”
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
● ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მრავალფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გასცეს, თუმცა იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ის გადაყვანილი იქნება მხოლოდ ციხის საავადმყოფოში.
● იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, ციხის კლინიკა აკმაყოფილებს მრავალპროფილური საავადმყოფოს კრიტერიუმებს და შეუძლია მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვა.
● სახალხო დამცველის სპეციალურმა წარმომადგენელმა ციხის იმ საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა, სადაც მესამე პრეზიდენტს უპირებენ გადაყვანას.სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
● მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნილი ექიმთა კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. ექიმის თქმით, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.