კარლ ჰარცელი: სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს კონტრაბანდაზე
უკრაინის დაზვერვის ბრალდებები
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები სერიოზულია და მხარეებმა უნდა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხზე. დღესვე გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა საქართველოსგან ელის მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარებიან რუსეთს.
“ძალიან სერიოზული ბრალდებებია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რისკი და პრაქტიკა არ არის. რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია. რაც ვიცი, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება დმიტრო კულებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ელოდება დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ.
“ჩვენ რომ გავლენა არ მოგვეხდინა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.
ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით.” – აღნიშნა კულებამ.
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● სუს-ის ფაილები: უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენს
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის ოფიცრების თქმით, უკვე ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. საქართველო იქნება კიდევ ერთი არხი, რომლის ტერიტორიის გავლით ოკუპანტი ქვეყანა ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტებს მიიღებს.
ამის საპასუხოდ, სპეციალური განცხადება გაავრცელეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში. უწყება მოუწოდებს უკრაინას, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, უწყება ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სუს-ი დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.