მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს პატიმრობა დაუსწრებად შეუფარდა
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ოთხ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და სასჯელის ზომად 30-30 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ Медиазона ავრცელებს.
ბრალდების მიხედვით ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი უკრაინის მიერ არიან დაქირავებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. სასამართლომ მათი დაპატიმრების შესახებ განაჩენი 3 მარტს გამოიტანა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო 22 მარტს გახდა.
მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურმა “მედიაზონას” კორესპონდენტის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.
ქართველი მეომრების საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ არც თბილისში.
● „შეშინებული ვიყავი, გვესროდნენ. მანქანა დაიწვა” – როგორ დახოცეს უკრაინელები სევეროდონეცკში
● ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 375, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა
● უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა
ქართული ლეგიონი არის უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან და პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს.
“ქართული ლეგიონი”, რომელიც დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს, ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.