ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 375, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა
ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეებს
დეპუტატ პაატა მანჯგალაძის გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 375 ადამიანს მიენიჭა, მათგან 3 297 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 78 – უკრაინის.
მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთ წელში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ არ დააკმაყოფილა ან განუხილველად დატოვა რუსეთის მოქალაქეების 2 959 განაცხადი, ხოლო ჯერ კიდევ განიხილავს 1 344 განაცხადს. სულ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი რუსეთის 7 860-მა მოქალაქემ გამოთქვა.
მათ შორის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, თითქმის ნახევარი (1 666 პირი) საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. რაც შეეხება უკრაინას, საქართველომ სულ 192 განაცხადი მიიღო, მათგან არ დაკმაყოფილდა, შეჩერდა ან განუხილველად დარჩა 70 განაცხადი.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოში უძრავი ქონების ფასები 10.7 პროცენტით გაიზარდა
IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
ჟურნალ “ბათუმელების” ცნობით კი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა და 37.9 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ასევე, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული.