"უარი თქვით ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო" - სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, ციხიდან წერილს ავრცელებს და საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს მიმართავს.
სააკაშვილი მათ მოუწოდებს უარი თქვან ქართულ ოცნებაზე და არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთონ. ექსპრეზიდენტის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ “ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება”, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.
ასევე, მესამე პრეზიდენტი მიმართავს კონკრეტულად სპეცრაზმელებს და პოლიციელებს და მოუწოდებს მათ, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს:
“იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.”

სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს არავის ვალი არ აქვს და პირიქით, სახელმწიფოს აქვს მათი ვალი:
“ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება 14 ოქტომბრის აქციასაც და წერს, რომ ეს შეკრება და მისი სულისკვეთება უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმს აღარანაირი სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნია საზოგადოებაში.
“მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის – მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
გუშინ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილი, რომელიც, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შედგა და რომელსაც 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, ხელმომწერებს შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.
ევროპარლამენტარების თქმით, სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობებით. ასევე, მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ პროტესტის ნიშნად მე-19 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.