"თავისუფლება მიშას" - თბილისში მრავალათასიან აქციაზე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მთავარ მოედანზე, იმართება მრავალათასიანი აქცია საქართველოს მესამე პრეზდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციაზე დასასწრებად მოქალაქეების ნაწილი, ავტომანქანების კოლონებით, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოვიდა. მათ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ცოცხებით ხელში “ქართული ოცნების” აქტივისტები ხვდებოდნენ. ისინი აქციაზე მიმავალ ხალხს ლანძღავდნენ და ცოცხებს უშენდნენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები, რომლებიც აქტივისტებს რეგიონებიდან მოყვებოდნენ, ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებული ააიპ-ებისა და სსიპ-ების თანამშრომლები.
- თბილისისკენ მიმავალ კოლონას “ქართული ოცნების” აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს
- რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყო. იქამდე გაიმართა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ.
ხალხმრავლობის გამო, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ სამანქანო გზა გადაკეტილია.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სხვადასხვა ადამიანი მიმართავს. მათ შორის, იყო “მთავარი არხის” დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.
გვრამიამ აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.
”და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი. 30-ში ყველანი არჩევნებზე!” – წერს წერილში პატიმარი ექსპრეზიდენტი.
მასშტაბური აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. თუმცა, აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკოსებმაც.
მთელი კვირის განმავლობაში, ისმოდა განცხადებები, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაგეგმილი აქცია.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს აქცია სიმბოლურია თავისი მნიშვნელობით.
“არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის უსამართლობის მსხვერპლი და რომლის დაცვაც არ არის კომფორტული. ნებისმიერი ადამიანი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რომელიც არის უსამართლობის მსხვერპლი, უნდა დაიცვა ამ სისტემაში”, – ასე ახსნა აქციაზე წასვლის გადაწყვეტილება “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში. დაპატიმრებისთანავე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ექსპრეზიდენტის ადვოკატების თქმით, შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომრეობა დღითიდღე რთულდება.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს.