თბილისში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაარბიეს. დამწვარია შენობის ნაწილი
გლდანის მესამე მიკრორაიონში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაწვეს.
როგორც ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია შუშები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.
„ერთ-ერთ შტაბში, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკროში, დილით ისროლეს ორი დიდი ქვა, ჩამტვრეულია მინები. ასევე, ისროლეს ნაჭრით და ბენზინით სავსე ბოთლები, რომლითაც ცეცხლი გააჩინეს. შენობა დამწვარია, ამ დროს შტაბში არავინ არ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, – ამბობს თამარ ზერეკიძე.
● მიტინგი და მოლაპარაკებები ერთ დღეს – საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
● მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
მთავარი არხის კადრებში ჩანს ჩამსხვრეული ოფისის შუშა, ასევე დამწვარია ავეჯი და შტაბი, რომელიც გამოუსადეგარია მუშაობისთვის.
ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მისულებს შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი და დაზიანებული ოფისი დახვდათ.
“ჯერ არავინ არ არის იდენტიფიცირებული. დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. მთლიანად აპირებდნენ დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს”, – აცხადებს ტელეკომპანია მთავართან ოფისის ხელმძღვანელი.
● აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტია გაბმული და სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ – ისინი მიმდებარე ობიექტებიდან კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.
“არ აპატიეს ნიკა მელიას გლდანში გამარჯვება”, – ამბობს ტრისტან პეტრიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
“არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს, მაგრამ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ამბის გამოძიება”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნულ ფაქტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.