მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
18 ნოემბერს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ოპოზიციის აქცია მოჰყვება. აქცია ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2 – მეტრიანი დისტანციის დაცვით, მდუმარედ გაიმართება – ამის შესახებ დღეს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა, რომელსაც ეწერება: “გაყალბებულია”. სტიკერს დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები.
„18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით გაიმართება აქცია. 2- მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა, რომელსაც ეწერება: “გაყალბებულია”. სტიკერს დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები. რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ”, – ამბობს გიგი უგულავა.
უგულავამ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, გავიდნენ აქციაზე.
“ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და მდუმარედ დააფიქსირეთ პოზიცია, დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ჩვენი სტუმრის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული, კანონმორჩილი საზოგადოება, გვინდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ იპარავს არჩევნებს“, – განაცხადა უგულავამ.
მიტინგი და მოლაპარაკებები ერთ დღეს – საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
გახარია: პარტნიორების დახმარებით, პროცესი სამართლებრივ პლატფორმებზე უნდა გადავიტანოთ
მაიკ პომპეო 13-23 ნოემბერს სულ შვიდ ქვეყანას ესტუმრება. საქართველოც მათ შორისაა. თბილისში იგი საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ ჩამოვა.
აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ემთხვევა – 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციები არ წყდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, არ ცნობს შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას. პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, დაძაბულობა მატულობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს “რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ”.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2.გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.