თბილისში კოვიდჰოსპიტალი დააყაჩაღეს
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი, რომელიც კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის დღიდან ჩართულია კოვიდღონისძიებებში, გამთენიისას დააყაჩაღეს. წაღებულია 3000 ლარამდე თანხა.
ორი მძარცველი საავადმყოფოს დაცვას პაციენტებად გაეცნო. იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდპაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კარის გაღებაზე უარის შემდეგ, მოხდა შეტაკება დაცვის თანამშრომლებთან. როგორც ცნობილია, თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს.
● შსს-მ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. საქმეს ტერორიზმის მუხლით იძიებენ
“სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან”. – ამბობს ექიმი ნინო კილაძე.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი შავდიას განცხადებით, ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.
“ფაქტს ვადასტურებ, არავინ დაშავებულა, კამერები ამოიღეს. ვერ გეტყვით, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ეს პოლიციის პრეროგატივაა. კლინიკიდან წაიღეს ფული, ეს იყო ყაჩაღობა. იყო ორი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც დააყაჩაღა კლინიკა. დაცვა გვყავს, მაგრამ ერთმა დაცვის თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. წაღებულია 5 000 ლარამდე”, — აცხადებს შავდია TV პირველთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.