სომხეთში, კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების სამი შემთხვევა დარეგისტრირდა
სომხეთში, კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების სამი შემთხვევა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა 4 მაისს, პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში მასშტაბური აკადემიური დებატები მიმდინარეობს განმეორებით ინფიცირების თემაზე. ტოროსიანის განცხადებით, სამი ვერსია არსებობს იმის შესახებ, როგორ ხდება ეს „განმეორებითი ინფიცირება“.
პირველი ვერსია: პაციენტი გამოჯანმრთელდა და შემდეგ ახლიდან დაინფიცირდა.
მეორე ვერსია: ორგანიზმში ვირუსის ერთგვარი დეაქტივაცია მოხდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ის კვლავ გააქტიურდა.
მესამე ვერსია: მინისტრის თქმით, ყველაზე რეალური. ის იმაში მდგომარეობს, რომ COVID-19-ის გარკვეული ელემენტები ორგანიზმში, რამდენიმე თვის განმავლობაში რჩება: ვირუსი აქტიური არ არის, მაგრამ ტესტი მას მაინც აჩვენებს.
„ვირუსი არ მრავლდება, თუმცა მისი რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) არსებობს უჯრედებში, რაც ტესტირებისას ვლინდება… სომხეთში, განმეორებით ინფიცირებულ პაციენტებს არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ ჰქონიათ, თუმცა, გაწერიდან ორი კვირის შემდეგ, კვლავ გამოუვლინდათ კორონავირუსი. ჩვენ მათი იზოლირება მოვახდინეთ, რათა სხვების შესაძლო ინფიცირება ავირიდოთ თავიდან“, – ამბობს არსენ ტოროსიანი.
ამ ფონზე მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიის განვითარების უარეს სცენარს არ გამორიცხავს და რომ მაისის ბოლოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს მიაღწევს.
ახლა სომხეთში სამედიცინო აღჭურვილობის, წამლების, მედპერსონალისა და საწოლების დეფიციტი არ არის. მაგრამ თუკი ადამიანები უსაფრთხოებისა და სანიტარიულ ნორმებს არ დაიცავენ, ინფიცირებულთა რაოდენობა ასეულ ათასამდე შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, გაჩნდება რესურსების დეფიციტი.
„დღეისათვის, სომხეთში, დაახლოებით, 350 თავისუფალი საწოლია, ინფიცირებულთა ნაწილი, საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, ერთ-ერთ სასტუმროში არიან. ჩვენ თანმიმდევრულები ვიქნებით, რათა მოქალაქეებმა, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ის მიიღონ“, – განაცხადა მინისტრმა.